სამინისტროების გაერთიანების შედეგად, უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის უცვლელი რჩება , - ამის შესაბამის სურათს იძლევა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. პროექტის მიხედვით, სამინისტროების გაერთიანების შედეგად, ახალ უწყებებში ჯამში, 6 ადამიანით ნაკლები გააგრძელებს მუშაობას.
კერძოდ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში დასაქმებულია 60 ადამიანი, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრში - 775. მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის (მესამე წარდგენა) მიხედვით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ, საგარეო უწყებაში დასაქმებულ პირთა რიცხოვნება 835 იქნება, ანუ ორი სამინისტროს გაერთიანებით თანამშრომელთა რაოდენობის შერწყმაც ხდება და არც ერთ საჯარო მოხელეს შემცირება არ ეხება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნება 2 203 ადამიანს შეადგენს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროში - 1377-ს. ცვლილებების შედეგად, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინიტროში დასაქმებულთა რაოდენობა 3 568 იქნება, ანუ გაერთიანებული სამინისტროში მხოლოდ 12 ადამიანით ნაკლები იმუშავებს, თუმცა აღნიშნული 12 პირიდან 6 მუშაობას განაგრძობს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროში, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების დაცვის კომპონენტი უერთდება.
გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო. ენერგეტიკის სამინისტროში დასაქმებულია 135 ადამიანი, ხოლო ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროში - 788 ადამიანი. სტრუქტურული რეფორმის შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნება იქნება 929, ანუ ორი უწყების გაერთიანებული თანამშრომლები - ჯამში 923 ადამიანი და ის 6 პირი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში გარემოს დაცვის უწყებიდან გადაინაცვლებს.
რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, უწყებაში დასაქმებულია 346 ადამიანი, ხოლო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში - 6 762. რეფორმის შედეგად, სპორტის სამინისტრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება და შედეგად, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნება იქნება - 7 044, ანუ 64 ადამიანით ნაკლები, თუმცა აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეერწყმება და განათლების სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობაც სწორედ 64 ადამიანით იზრდება. კერძოდ, თუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასაქმებულთა რიცხვი არის - 1366, რეფორმის შედეგად აღნიშნულ უწყებაში თანამშრომელთა რაოდენობა 1430 იქნება, ანუ სწორედ 64 ადამიანით მეტი.