თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, თემურ ბოლოთაშვილის განცხადებით, შენობა-ნაგებობების ფასადების მოპირკეთება მკაცრად გაკონტროლდება. ამის შესახებ ბოლოთაშვილმა ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე განცხადებით, არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციისას მოხდება იმაში დარწმუნება, რონ შეუსაბამობის ხარისხი არ გაიზრდება.
"მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერმა დაგვავალა უმკაცრესად მივუდგეთ ყველა იმ პროექტს, რომელიც შემოსულია არქიტექტურის სამსახურში და მკაცრად გადავამოწმოთ პროექტების შესაბამისობა შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ გარე კედლების მოპირკეთებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, არ მივიღოთ უსახური ფასადები გარკვეული პერიოდის შემდეგ. მოგეხსენებათ, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები ამოქმედდა 2017 წლის 1-ელ იანვარს, შესაბამისად, ყველა იმ პროექტზე, რომელიც შესათანხმებლად შემოვა, მოხდება მკაცრი გადამოწმება რეგლამენტთან შესაბამისობის თაობაზე“, - განაცხადა ბოლოთაშვილმა.