"2018 წლის ბიუჯეტის პროექტში სამინისტროების მხოლოდ ტექნიკური გაერთიანება მოხდა და მასში ოპტიმიზაცია ასახული არ არის "

2018 წლის ბიუჯეტის პროექტში სამინისტროების მხოლოდ ტექნიკური გაერთიანება მოხდა და მასში ოპტიმიზაცია ასახული არ არის , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის (მესამე წარდგენა) კომენტირებისას განაცხადა, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი.

როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, ბიუჯეტის იმ პროექტში, რომელიც პარლამენტში ახლაა წარდგენილი, ის ტექნიკური ხასიათის ცვლილებებია ჩადებული, რაც მთავრობის სტრუქტურაშია დაგეგმილი, თუმცა თანხებიც და დასაქმებულების რაოდენობა იმის მიხედვითაა გადანაწილებული, თუ რომელი სამინისტრო რომელ უწყებასთან შეერთდა.

„მაგალითად, ტექნიკურად თუ სამინისტრო ორ ნაწილად გაიყო, ერთი - ერთ სამინისტროს დაემატა, ხოლო მეორე - მეორეს, შესაბამისად, თანხებიც და დასაქმებულებიც იმის მიხედვით გადანაწილდნენ, რა ფუნქციაც გადავიდა ამა თუ იმ სამინისტროში. მაგალითად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების შედეგად, თანხა და დასაქმებულთა რაოდენობა შეუერთდა საგარეო საქმეთა სამინისტროს. გარემოს დაცვის სამინისტროს შემთხვევაში, უწყების მცირე ნაწილი - ბუნებრივი რესურსების კომპონენტი გადავიდა ეკონომიკის სამინისტროში, ხოლო გარემოს დაცვას სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეუერთდა და შესაბამისად, თანხა და თანამშრომლებიც აღნიშნულ უწყებაში გადავიდნენ. ენერგეტიკის სამინისტრო მთლიანად ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა, ანუ დასაქმებულთა რიცხვი და თანხა არ შემცირებულა. შესაბამისად, სტრუქტურებში თანხისა და დასაქმებულების რაოდენობის ასახვა ტექნიკურად მოხდა. რაც შეეხება იმას, თუ როდის იქნება ეკონომია, როგორც კი პარლამენტი დაამტკიცებს სტრუქტურულ ცვლილებებს, დაინიშნებიან ახალი მინისტრები და მუშაობას შეუდგებიან, მათ უნდა გამოაცხადონ რეორგანიზაცია, შემდეგ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ სად რამდენი ადამიანი იმუშავებს, როგორც კი ეს გადაწყვეტილებები იქნება, ამის შემდეგ ზუსტად დავითვლით, თუ რა თანხის ეკონომია მოხდა აღნიშნულ უწყებებში“, - განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე განცხადებით, ბიუჯეტის წარდგენილ ვარიანტში სტრუქტურული ცვლილებები ასახულია იმ სახით, რა პროექტიც მთავრობამ პარლამენტში წარადგინა.

„სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ გამოჩნდება ეკონომია, ამას ახლა, რა თქმა უნდა, ბიუჯტში ვერ ავსახავდით, რადგან რეორგანიზაციას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. წლის ბოლომდე ახალი მინისტრების დანიშვნის პროცედურაა. შემდეგ ეკონომიები რაც გვექნება, დიდი ალბათობით, დაემატება იმ პროგრამებს, რაზეც იყო მოთხოვნა. მაგალითად, გარემოს დაცვის კუთხით მოთხოვნა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე შესაძლებლობა გვქონდა. თანხა რაც გამოთავისუფლდება, მისი გადატანა მოხდება გარემოს დაცვის მიმართულებით, ანუ ბიუროკრატიული ხარჯებიდან გამოთავისუფლებული თანხა გადავა პოლიტიკის განხორციელების პროგრამებზე“, - განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე განცხადებით, წარდგენილი ბიუჯეტი არსებული სახით დამტკიცდება და როდესაც რეორგანიზაციას გააკეთებენ ახალი მინისტრები, ეკონომიის მოცულობა შემდეგ გამოჩნდება.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პლენარული მოსმენის დროს, ბიუჯეტის არსებულ პროექტში ერთადერთი მასში შესაძლოა აისახოს ის, რომ დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ უერთდება.