ოთარ დანელია - პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს დასახელებაში პირველი იყოს ”სოფლის მეურნეობა” და შემდეგ ”გარემოს დაცვა”

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდების კორექტირებას ითხოვს , რომლის მიხედვით, სამინისტროს დასახელებაში ჯერ ”სოფლის მეურნეობა” იქნება ნახსენები, ხოლო შემდეგ - ”გარემოს დაცვა”.

აღნიშნული მოთხოვნა დანელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასვა, სადაც პირველი მოსმენით, მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს იხილავენ.

”სოფლის მეურნეობა არის პრიორიტეტი. საქართველო არის აგრარული ქვეყანა. ვფიქრობ, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის, პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სამინისტროს დასახელებაში პირველი იყოს ”სოფლის მეურნეობა” და შემდეგ ”გარემოს დაცვა”. ეს არის პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან ვიზიარებთ. ევროკავშირის 25 ქვეყანას აქვს სწორედ ეს თანმიმდევრობა - სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო. ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რადგან ეს დარგისთვის არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უბრალოდ დასახელება”, - განაცხადა დანელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის თავდაპირველი ვარიანტით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შერწყმული გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდება ”გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო” უნდა ყოფილიყო. როგორც დღევანდელი პლენალურ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, სამინისტროს - „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“ დაერქმევა.