აპრილში ინფლაციის დონემ 0,3% შეადგინა

2014 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,3% შეადგინა.

"საქსტატის" მონაცემებით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

მოცემულ პერიოდში სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე დაფიქსირდა ფასების 0,7%-იანი მატება, რაც აპრილის თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,23 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების ზრდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (6,2%) და ხილისა და ყურძნის (3,6%) ქვეჯგუფებზე. ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (1,3 პროცენტით); საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის და აირის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 0,4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა აპრილის თვის ინფლაციაში 0,03 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად განაპირობა ფასების მატებამ საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების ქვეჯგუფზე (2,1 პროცენტი).

2014 წლის აპრილში, 2013 წლის აპრილთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 3,4% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7,6 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 2,29 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (50,1%).

ფასები გაიზარდა ასევე რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (9,3 %), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (5,1 %), ასევე თევზეულზე (2,3 %).

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 4,3 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,41 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (7,1 %, სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (6,8%) და საავადმყოფოების მომსახურება (2,7 %).

ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ჯგუფზე ფასებმა 6,8 პროცენტით მოიმატა, რაც აპრილის თვის წლიურ ინდექსზე 0,36 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (12,0 პროცენტი).