კომპანია RMG GOLD-მა შესაძლოა, მარინე მიზანდარს სასამართლოში უჩივლოს

მიზანდარის განცხადებები კომპანიის მიმართ სცდება კანონიერების, ობიექტურობისა და ელემენტარული ეთიკური ნორმების ყველა ზღვარს.

ამის შესახებ RMG GOLD-ის კომერციულმა დირექტორმა, სოსო ცაბაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიზანდარს არ დაუდია არც მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტები და არც კანონმდებლობის მოთხოვნები და ის საყდრისის თემის სპეკულირებით კომპანიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ პიარკამპანიას ეწევა.

როგორც ცაბაძე განმარტავს, საყდრისის საკითხი ყველა დონეზე არაერთხელ იყო განხილული ეკოლოგიური, სამართლებრივი და სამეცნიერო თვალსაზრისით და ამ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის არსებობა არ დადასტურდა.

მისივე თქმით, მიზანდარი მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდშიც ავლენდა კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ ტენდენციურ მიდგომას.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და საზოგადოებაც მინდა დავარწმუნოთ, რომ დღეისთვის საყდრისზე მიმდინარე სამთო სამუშაოები ტარდება არქეოლოგიური თვალსაზრისით დეტალურად შესწავლილ ტერიტორიაზე. ამდენად, რაიმე არქეოლოგიური ობიექტის შემთხვევით დაზიანების რისკიც კი გამორიცხულია", - განაცხადა ცაბაძემ.