საახალწლო განათებების შესყიდვასთან ბატონ კალაძეს საერთო არაფერი აქვს, რადგან არჩევნები ჯერ ჩატარებული არ იყო და ბუნებრივია, ამ პროცესში ჩართული ვერ იქნებოდა , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომელიც ამავე გადაცემაში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
ზარქუას თქმით, სწორი იყო დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება, შეეძინა უკეთესი საახალწლო განათებები, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. მისი განმარტებით, ამით ისინი მომავალში ბიუჯეტის თანხებს დაზოგავენ და საახალწლო განათებები საყიდელი აღარ ექნებათ.
ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში საახალწლო განათებების შესყიდვასა და მონტაჟზე დახარჯული თანხები წარმოადგინა. „მე მოვედი ციფრებით. 2009 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო მმართველობაში, მხოლოდ ექსპლუატაციასა და შეძენაში 2,5 მლნ ლარი დაიხარჯა. 2010 წელს დახარჯეს – 2,655 მლნ ლარი; შემდეგომ – 1,947 მლნ ლარი და ასე გრძელდებოდა. ყოველწლიურად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელები ხარჯავდნენ, ყიდულობდნენ 2,5 მლნ-ს. ტენდერებს აცხადებდნენ, ფული როცა უნდოდათ გაეკეთებინათ და ასე მიდიოდა. 2016 წელს შესყიდული და დახარჯულია დაახლოებით, 1,3 მლნ ლარი. ნარმანიას მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ერთჯერადი გამოყენების ტექნიკის ყიდვა უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა ზარქუამ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ასევე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ საახალწლო განათებისთვის გაზრდილი თანხების ნაცვლად შესაძლებელი იყო უფასო სასადილოების დაფინანსება, დღიურად ერთ სულზე 1,8 ლარიდან 2,5 ლარამდე, გაეზარდათ. „უფასო სასადილოებში „ნაცმოძრაობის“ დროს 9 მლნ ლარი იყო. ახალი ხელისუფლების დროს, მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტში უფასო სასადილოებისთვის 17 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი. ტენდერით განისაზღვრება, რამდენი იქნება ერთ ადამიანზე დღიურად გათვალისწინებული“, – განაცხადა ზარქუამ.