მთავრობამ სავაჭრო ცენტრებში და ბაზრობებზე წესრიგის დამყარება გადაწყვიტა

საქართველოს მთავრობამ სავაჭრო ცენტრებში და ბაზრობებზე წესრიგის დამყარება გადაწყვიტა - შესაბამისი პროექტი ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა და ის უკვე პარლამენეტშია შესული.

თუ ამ პროექტს პარლამენტიც დაამტკიცებს, ბაზრობებზე დასაქმებული ადამიანებისთვის 2020 წლის 1 იანვრიდან ბევრი რამ შეიცვლება. დაბეგვრის ახალი პრინციპი არჩევითი ხასიათისა იქნება:

საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებებით, ბაზრობაზე მოვაჭრე ფიზიკური პირი უფლებამოსილი იქნება უარი თქვას ბრუნვის 3-პროცენტიან გადასახადზე და საშემოსავლო გადასახადის ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმით ისარგებლოს. 2020 წლის 1 იანვრამდე გადავადდება ბაზრობაზე მომუშავე ფიზიკური პირებისთვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებაც. ვაჭრობის ორგანიზატორი ვალდებული ხდება 2020 წლამდე ეტაპობრივად უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტების საკონტროლო-სალარო აპარატებით აღჭურვა.

სალარო აპარატის უქონლობისთვის კი, მოვაჭრის ნაცვლად ბაზრობის ორგანიზატორი დაჯარიმდება. მთავრობის ახალმა ინიციატივამ მცირე მეწარმეებსა და ბაზრობის მფლობელებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სავაჭრო ცენტრების ნაწილი აცხადებს, რომ მათ ყველა მეწარმის სალარო-აპარატით აღჭურვა გაუჭირდებათ.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას შპს „ლილო მოლის“ პრეზიდენტმა, ლევან გაგუამ აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივის მიხედვით სავაჭრო ცენტრები ორგანიზებული უნდა გახდეს და ეს დადებითი მოვლენაა:

ლევან გაგუა - გარდა იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების მოწესრიგებას ისახავს მიზნად, მას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს - მეწარმეს არჩევანის საშუალებას აძლევს. ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია ძველი, უკვე შეჩვეული სისტემით იმუშაოს, ან ახალი სისტემა აირჩიოს - ჩემი აზრით, ეს სასიკეთო ცვლილებაა. რაც შეეხება ბაზრობის ხელმძღვანელობას, მან არ უნდა დადოს ხელშეკრულება ისეთ სუბიექტთან, რომელსაც ყველაფერი წესრიგში არ ექნება. თუ ბიზნესია, მასში ყველაფერი ლეგალური და გამჭვირვალე უნდა იყოს. მეც ვეთანხმები, რომ ყველა მეწარმე ოფიციალურად უნდა იყოს რეგისტრირებული და თითოეული მათგანი გადასახადებს იხდიდეს.

„ლილო მოლის“ პრეზიდენტი მიესალმება იმას, რომ ბაზრობებზე სალარო-აპარატის გარეშე ვაჭრობა დაუშვებელი იქნება, მაგრამ კანონში შესატანი ცვლილების ბუნდოვან მხარეებზეც საუბრობს:

ლევან გაგუა - ხომ შეიძლება ვიღაც შემოვიდეს „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე და ვაჭრობა დაიწყოს? სანამ ჩვენ ამას გავიგებთ, შეიძლება მთელი ორგანიზაცია დააჯარიმონ. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს რეგულაცია დიდ გაუგებრობას გამოიწვევს. ჩვენ არ უნდა მოგვეთხოვოს პასუხი შემთხვევით შემოსული ადამიანების გამო. გარდა ამისა, ზოგიერთ მოვაჭრეს სალარო-აპარატის შეძენა უჭირს, ამიტომ, სასურველია, ჩემამდე უკვე რეგისტრირებული მეწარმეები მოვიდნენ. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი სახელმწიფომ უნდა მოაწესრიგოს.

ამ საკითხებზე საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის დირექტორს - თამაზ ვაშაკიძეს ვესაუბრეთ, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ სფეროში ჩვენი მთავრობის მიერ გატარებული ცვლილებები კრიტიკას ვერ უძლებს:

თამაზ ვაშაკიძე - მსგავს ცვლილებებზე უკვე წლებია მიდის მსჯელობა, თუმცა ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ ვარიანტში ბევრი აბსურდული დებულებაა. ერთი წამით წარმოიდგინეთ ლონდონში, ან ჟენევაში არსებული ბაზრობის დირექტორი იყოს პასუხისმგებელი იმაზე, თუ ვინ შედის ამ ბაზრობაზე, ვინ შარვალს ყიდის და ვინ - ფეხსაცმელს... საინტერესოა, ვინ გამოიგონა ასეთი აბსურდი, ან რა შუაშია აქ ბაზრობის დირექტორი? მას სულ სხვა რამ ევალება: მოუაროს ბაზრობის ტერიტორიას, იქ წესრიგი და უსაფრთხოება უზრუნველყოს და მოვაჭრეები იჯარით შემოუშვას. რომელიღაც ბაზრობაზე ბოშები რომ შევიდნენ და რაღაცის გაყიდვა დაიწყონ, ამის გამო დირექტორი უნდა დაჯარიმდეს? ჯერ ერთი, ხელით ვაჭრობა არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ იბეგრება. საინტერესოა, ეს ამ რეგულაციის ავტორებმა თუ იციან. ჩემი აზრით, 3%-იანი გადასახადი ვაჭრობისა და მომსახურების სფეროსთვის ძალიან ცოტაა. დავუშვათ, ბაზრობაზე მუშაობს ადამიანი, რომელსაც გახსნილი აქვს სილამაზის სალონი, ეს 3% როგორ უნდა გადაიხადოს, ან მისი ხარჯი და შემოსავალი როგორ უნდა დათვალონ? - ამაზე არავინ ფიქრობს. სამწუხაროდ, ქვეყნის მთავრობა ამ სფეროში ხშირად იღებს გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს, რითაც მცირე ბიზნესიც ზარალდება და მსხვილიც.

თამაზ ვაშაკიძის თქმით, ერთადერთი, რაშიც საგადასახადო ცვლილებების ავტორებს ვერ შეედავები, სალარო-აპარატების აუცილებლობაა. „სალარო-აპარატი ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში ყველას უნდა ჰქონდეს - ეს უდავო ჭეშმარიტებაა, რომელსაც დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება“ - აღნიშნა მან ჩვენთან საუბრისას.

სალარო-აპარატების აუცილებლობას აღიარებს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძეც: „სავაჭრო ადგილები სალარო-აპარატით ბაზრობის ორგანიზატორებმა უნდა უზრუნველყონ, რაც მათ ხარჯებს ძალიან გაზრდის, მაგრამ ამ სისტემას ბოლოს და ბოლოს მოაწესრიგებს. მე იმ მოსაზრებას ვემხრობი, რომ ეს ძალიან კარგი და სასიკეთო რეგულაციაა. ცვლილებებათა პროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე შესულია. ვფიქრობ, რომ მას უპრობლემოდ მიიღებენ და ბაზრობებზე დასაქმებულ ადამიანებს უკეთეს პირობებში მოუწევთ საქმიანობა“ - აცხადებს მიხეილ ჭელიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე