ქართველ ექსპორტიორებს ყველაზე მეტი ბარიერი დსთ-ს სივრცეში ხვდებათ

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება.

წლების განმავლობაში, ქართული ბაზარი უცხო ქვეყნებიდან შემოტანილმა პროდუქციამ გააჯერა, ექსპორტის მაჩვენებელი კი კატასტროფულად შემცირდა, თუმცა, ბოლო ხანებში საქართველოში ექსპორტის ზრდის ტენდენცია აშკარად შეინიშნება. ამავდროულად, იმატა ჩვენი პროდუქციის ექსპორტის დროს ხელოვნური ბარიერების შექმნის შემთხვევებმაც. სწორედ ამიტომ, ეკონომიკის სამინისტროში, 2014 წლის 21 მარტიდან ექსპორტიორთა ინტერესების დაცვის ცენტრი ამოქმედდა, რომელსაც ქართველ ექსპორტიორთა უფლებების დაცვა ევალება. მართალია, ისინი ბარიერების არსებობას უარყოფენ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ბარიერები და დაბრკოლებები არსებობს. ჩვენ დავინტერესდით, როგორ მუშაობს ეს ცენტრი და ამ ხნის მანძილზე რა ტიპის საჩივრებით მიმართეს ქართველმა ექსპორტიორებმა.

გიორგი ციკოლია, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი:

-ექსპორტიორთა ინტერესების დაცვის ცენტრის შექმნა საექსპორტო პროდუქციის მოცულობის ზრდამ განაპირობა, რაც თავისთავად საექსპორტო ქვეყნების რაოდენობის ზრდით იყო განპირობებული. საქართველოდან ექსპორტი ასზე მეტ სახელმწიფოში ხორციელდება და უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ჩვენი ექსპორტიორები ხელოვნურ ბარიერებს მართლაც აწყდებიან. ისინი საყვედურს გამოთქვამენ სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე შექმნილი ბიუროკრატიული, თუ ხელოვნური დაბრკოლებების გამო. ასეთი ბარიერები ყველაზე ხშირად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხვდებათ: როგორიცაა სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი. ბიუროკრატიის მაღალი დონით ხასიათდება თურქეთის ბაზარიც. ექსპორტიორები მიუთითებენ საბაჟო ტერმინალებზე შექმნილ ბიუროკრატიულ სირთულეებზე, რის გამოც ფერხდება ტვირთის ქვეყანაში დროულად შეტანა, ეს კი, უარყოფითად მოქმედებს პროდუქციის ვარგისიანობასა და შემდგომში მის რეალიზაციასაც საფრთხეს უქმნის.

როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოში ამბობენ, ქართველი ექსპორტიორები მათ ხშირად მიმართავენ ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარზე პროდუქტის ექსპორტისათვის აუცილებელი ნორმებისა და სტანდარტების გასარკვევად, ინტერესდებიან ევროკავშირის, რუსეთისა და დსთ-ს სივრცეში არსებული საექსპორტო მოთხოვნებით - იქნება ეს სერტიფიკატები, ტარიფები, თუ სხვა.

გიორგი ციკოლიას იმ პრობლემებზეც ვკითხეთ, რომლებიც ოფიციალურ დოკუმენტებში ხშირად არც კი ჩანს.

”როგორც უკვე აღვნიშნე, ქართველ ექსპორტიორებს ასეთი პრობლემები ძირითადად დსთ-ს ქვეყნებში ხვდებათ, სადაც ჩვენი პროდუქციისათვის ხელოვნური ბარიერები ხშირად იქმნება. თანაც, ეს პრობლემები ოფიციალურად არ ფიქსირდება იმიტომ, რომ ხელოვნურად წარმოქმნილი მიზეზების მითითება მათთვის სულაც არ არის მომგებიანი - მსგავსი შემთხვევები სცდება ნებისმიერ საერთაშორისო ხელშეკრულებაში არსებულ ნორმებს. აქვე უნდა აღინიშნოს არასატარიფო ბარიერები, რომელთა შორის ყველაზე გავცელებული მაინც ბიუროკრატიული დაბრკოლებებია, რადგან მათი გამოსწორებაც საკმაოდ რთულია.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ქართული ბიზნესის ინტერესები: ამ მიზნით, პარტნიორ ქვეყნებთან შეიქმნა ორმხრივი ეკონომიკური კომისიები, რომლებიც ექსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებს ერთობლივად განიხილავენ”, - აღნიშნავს გიორგი ციკოლია.

ხათუნა ჩიგოგიძე