უსაფრთხოების კუთხით მაღალი რისკის მქონე 20 ობიექტის შემოწმების შედეგად ყველა მათგანში დარღვევები დაფიქსირდა

უსაფრთხოების კუთხით მაღალი რისკის მქონე 20 ობიექტის შემოწმების შედეგად ყველა მათგანში დარღვევები დაფიქსირდა.

ობიექტებში შემოწმება ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ შექმნილმა ერთობლივმა ჯგუფმა ჩაატარა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ შესაბამის ინფორმაციაშია ნათქვამი, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებში დარღვეულია ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა, მოსაწესრიგებელია ელექტრო და სახანძრო სისტემა. ზოგიერთ ობიექტზე არსებობს სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე. გარკვეულ ობიექტებზე არ არის ამკრძალავი, მაფრთხილებელი და სარეკომენდაციო სავალდებულო ხასიათის ნიშნები. მაღალი რისკის საწარმოებში არასაკმარისია განათება, ზოგან კი სანიტარული სისტემაც მოუწესრიგებელია.

აღსანიშნავია, რომ 20 ობიექტიდან ყველაზე მეტი დარღვევა ფიქსირდება შპს „რუსთავის-ფოლადის“ მეტალურგიის ობიექტზე, ასევე ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტებში.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით, დეპარტამენტს არ გააჩნია სანქციების მექანიზმი, მაღალი რისკის 20-ვე ობიექტზე დაფიქსირებული პრობლემების გამოსწორებისთვის მხოლოდ რეკომენდაციები გაიცა.

უფრო კონკრეტულად, შპს „საქნახშირში“ (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) - ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტებში, რომლის საქმიანობის სფერო სასარგებლო წიაღისეულის, ქვანახშირის მოპოვება და გადამუშავებაა, 76-მდე დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ვაგონების სამუხრუჭედ ბუნიკების ნაცვლად გამოიყენება ფიცრის ნაჭრები; შახტის გვირაბებში შეინიშნება ჭერის დაზიანება, რაც, სპეციალისტების დასკვნით, საფრთხეს უქმნის დასაქმებულს; ასევე შახტაში დარღვეულია ღია ცეცხლის გამოყენების წესი; შახტებში გამოიყენება არაქარხნული წესით დამზადებული ხის კიბეები; როგორც მინდელის, ასევე ძიძიგურის სახელობის შახტების მედპუნქტში არ არის სასმელი წყალი; სიმაღლეზე მუშაობისას დასაქმებულები არ არიან აღჭურვილი სიმაღლიდან ვარდნის დამცავი ღვედებით; ამწე მოწყობილობა მუშაობს სპეციალური სიგნალის გარეშე; ელექტროსადგურებში გამოიყენება კუსტარულად დამზადებული ღია სპირალიანი გამათბობელი; შენობა-ნაგებობა საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს და სხვა.

შპს „რუსთავის ფოლადში“, რომლის საქმიანობის სფერო მეტალურგიაა, 90-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის დარღვეულია ელექტროუსაფრთხოების წესები; დარღვეულია საწვავისა და ადვილადაალებადი ნივთიერებების დასაწყობების წესები.

სს RMG COPPER-ის კარიერი: მისი საქმიანობის სფეროა სამთამადნო მრეწველობა. შემოწმების შედეგად 9 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ინსპექტირების დროს დაფიქსირდა საბურღი დაზგის დომკრატების ქვეშ მადნისა და ქანის ნატეხების ამოდება; წყალქცევის უბანზე დასაქმებულების ოთახში მოსაწესრიგებელია ელექტროობა; კარიერზე დასაქმებულები ნაწილობრივ არიან აღჭურვილი სპეც. ტანსაცმლითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის რკინის მაღარო: საქმიანობის სფეროა მარგანეცის მოპოვება. იქ 16 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ადმინისტრაციის შენობაში არსებული საევაკუაციო გეგმა არ არის სრულყოფილი; მაღაროში დასაქმებული პირები არ იყვნენ უზრუნველყოფილნი შესაბამისი რაოდენობის ინდივიდუალური თვითმაშველებით; არ ხდება დასაქმებულების ტანსაცმლის რეცხვა ცენტრალიზებული წესით და ა.შ.

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ითხვისის სახელობის მაღარო: საქმიანობის სფერო მანგანუმის მოპოვებაა. დაფიქსირდა 20 დარღვევა, მათ შორის: მაღაროებში დასაქმებული პირები არ იყვნენ უზრუნველყოფილნი შესაბამისი რაოდენობის ინდივიდუალური თვითმაშველებით; მაღაროში დარღვეულია სახანძრო უსაფრთოება, არსებული ცეცხლმაქრები გადასამუხტია; დეპოს სამუშაო სივრცეში არადამაკმაყოფილებელი განათებაა.

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დარკვეთის მაღარო: საქმინობის სფეროა მარგანეცის მოპოვება. დაფიქსირდა 30 დარღვევა, მათ შორის: სახელოსნოში დასაქმებულები არ არიან აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; დარღვეულია მაღაროში დასაქმებულთა საკვების ე.წ. პაიკას შენახვის წესები, რომელშიც შედის მალფუჭებადი პროდუქტები. ასევე დარღვეულია სახანძრო უსაფრთოება და ა.შ.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურა სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი“ შუქრუთის მაღარო. საქმინობის სფერო- სამთო მომპოვებელი საწარმო. დაფიქსირდა 20 დარღვევა, მათ შორის; საწარმოში არასრულყოფილადაა დანერგილი ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხიების სისტემა;მოსაწესრიგებელია სახსნძრო და ელექსტროუსაფრტოების სისტემა; პერსონალი არ არის სრულად უზრინველყოფილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებით;

შპს „ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი“ მღვიმევის მაღარო: საქმიანობის სფერო - სამთო მომპოვებელი. დაფიქსირდა 16 დარღვევა, მათ შორის: დასაქმებულების განცხადებით, წყლის და დღიური საკვების ულუფა არასაკმარისია; ადამიანების გასასვლელები არ არის დადგენილი წესის შესაბამისად მოწყობილი; მოსაწესრიგებელია სახანძრო და ელექტროსისტემა და სხვა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენი „რუსთაველი“: დაფიქსირდა 8 დარღვევა, მათ შორის: არასრულყოფილადაა დანერგილი ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების სიტემა, მოსაწესრიგებელია სახანძრო და ელექტროუსაფრთხოება; ბაქანზე სამორიგეო პუნქტს ესაჭიროება სარემონტო სამუშაოები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენი „თავისუფლების მოედანი“: დაფიქსირდა 8 დარღვევა, მათ შორის; სამუშაო სივრცეში ადგილი აქვს თამბაქოს მოხმარებას, სამანქანო განყოფილება საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს, დატბორილია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენი „წერეთელი“: დაფიქსირდა 8 დარღვევა, მათ შორის; არასრულყოფილადაა დანერგილი ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა.

შპს „იტავაზა მშენებელში“ , რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს, 18 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ობიექტზე არ არის დანერგილი ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სიტემა; დასაქმებულები არ არიან ინფორმირებულნი სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების შესახებ; ობიექტზე არსებობს სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე.

სს „დარკვეთის საშენ მასალათა კომბინატში“, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს, 19 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: მოსაწესრიგებელია ელექტროუსაფრთხოება, ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების სისტემა. უბანზე არ არის სანიტარული წერტილები.

შპს „კარიერი“: აწარმოებს სამშენებლო მასალებს. აქ 18 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის ობიექტზე არსებობს სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე; მოსაწესრიგებელია ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა.

შპს „თბილისის პარკში“ (დასასვენებლი/გასართობი პარკი, რომელიც ფუნიკულიორის ზემო პლატოზე მდებარეობს), 3 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ადმინისტრაციულ შენობაში არსებული კიბის მოაჯირი არასრულყოფილია, არსებობს ვარდნის რეალური საფრთხე.

შეკვეთილში მდებარე შპს „სერვისი - 7“ -ის ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“: დაფიქსირდა 7 დარღვევა, მათ შორის: მექანიკურ საამქროში და წყალსადენის ტერიტორიაზე ელექტროუსაფრთხოების წესები; დასაქმებულები არ არიან აღჭურვილნი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; პარკის ტერიტორიაზე არსებული ქვესადგური ღია მდგომარეობაშია და დაუცველია უცხო პირთა შეღწევისაგან; ქვესადგურზე ასასვლელ კიბეს და ბაქანს არ აქვს მოაჯირი; წყალსადენის ტერიტორიაზე არსებული ჭის დამცავი ჯიხურები ღია მდგომარეობაშია; მექანიკოსების და ელექტრიკოსების მოსასვენებელ ოთახში დარღვეულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები; დასაქმებულების მოსასვენებელ ოთახში დაფიქსირდა კუსტარულად დამზადებული გამათბობელი.

შპს „ბარვილ ჯორჯია“ , რომლის საქმიანობის სფეროა E- ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - სასაწყობე მეურნეობა, ტვირთის ექსპედირება, ტვირთის სასაწყობე ოპერირება, 11 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ბაქნებზე არსებობს ადამიანის ვარდნის საფრთხე, ელექტრიკოსები არ არიან აღჭურვილნი დიელექტრიკული საშუალებებით.

შპს „კავტრექსფოთი“ , მისი საქიანობის სფეროა E-ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა -სასაწყობე მეურნეობა, ტვირთის ექსპედირება, ტვირთის სასაწყობე ოპერირება. აქ 8 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ობიექტზე არსებული საევაკუაციო გეგმა არ არის სრულყოფილი; საზეინკლო საამქროში დარღვეულია ელექტროუსაფრთხოების წესები.

შპს „ზემო იმერეთში“ , რომლის საქმიანობის სფერო სამშენებლო მასალების წარმოებაა, 19 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: სამშენებლო უბანზე მოსაწესრიგებელია ელექტროუსაფრთხოება, დანერგილი არ არის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სიისტემა. დასაქმებულები არ არიან ინფორმირებული სამუშაო ადგილებზე არსებულის საფრთხის შესახებ.

შპს „ჯეოკვარცი“ აწარმოებს სამშენებლო მასალებს, აქ 17 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ობიეტზე დანერგილი არ არის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთოების სიტემა; ობიექტზე არსებობს სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე; დანადგარზე არსებული მბრუნავი მექანიზმები დამცავი ხუფების გარეშეა.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს, ჯანდაცისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ შეიქმნა ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი. მონიტორინგის ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა შრომის პირობების და სამუშაო ადგილების შეფასება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე ტექნიკური ინსპექტირება ისეთ ობიექტებზე, სადაც არის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი სამუშაო ადგილები და არსებობს მაღალი რისკი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.