საქართველოში 40%-ზე მეტი ქალი ეკონომიკურად არააქტიურია, დასაქმებული ქალები კი კაცებთან შედარებით 35%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ , - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამების მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა შესაბამისი კვლევის - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში: არსებული პოლიტიკის და ინიციატივების ანალიზი“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც შომბი შარპმა აღნიშნა, „პარადოქსული სიტუაცია მდგომარეობს იმაში, რომ ქალები ძალიან ხშირად უფრო კვალიფიციურები არიან, ვიდრე კაცები“. მისი შეფასებით, კვლევის შედეგებით ჩანს, რომ ძალიან დიდი გამოუყენებელი რესურსია ქალების სახით, რომელიც აკლდება საქართველოს ეკონომიკას.
„კვლევის შედეგად შესწავლილი იქნა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობები. კვლევის შედეგად გამოაშკარავდა, რომ ქალები არასაკმარისად არიან დასაქმებულები ფორმალურ ეკონომიკაში - დაახლოებით 40%-ით ნაკლებია ქალების რიცხვი მამაკაცებთან შედარებით, ქალების ხელფასი კი 35%-ით დაბალია, ვიდრე მამაკაცების. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტების დაახლოებით 11%-ია, რომელსაც საქართველო კარგავს. ჩვენი რეკომენდაციაა, გაძლიერდეს თანამშრომლობა მთავრობას, არასამთავრობო სექტორსა და ბიზნესს შორის არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ეს მოხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით იმისთვის, რომ საქართველომ შეიმუშავოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“, - განაცხადა შომბი შარპმა.
კვლევა გაერო-ს განვითარების პროგრამისა და კავშირის „საფარი“ ერთობლივი მუშაობის შედეგად დაიდო. „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას განცხადებით, ქალების მხოლოდ 17% ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რაც ამტკიცებს იმას, რომ მათ რესურსებზე წვდომა არ აქვთ და შესაბამისად, აქტიურად არ არიან ჩართულები ეკონომიკაში.
„როგორც მოსალოდნელი იყო, კვლევამ აჩვენა, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით საქართველოში არაფერი გაკეთებულა. სახელმწიფო პროექტები არ ითვალისწინებს გენდერულ კომპონენტს ცალკე აღებულს. სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში, პრაქტიკულად, არ გვხდება სიტყვა „ქალი“. ეკონომიკაში ქალების ნაკლებობა უკავშირდება საქართველოში არსებულ გენდერულ უთანასწორობას“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.
კვლევა საქართველოს მაშტაბით ჩატარდა და ეფუძნება იმ დოკუმენტაციას, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ორიენტირებული იყო ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე.