ევროკომისიის ინფორმაციით, Brexit-ის შესახებ მოლაპარაკებებში გადამწყვეტი პროგრესი მიღწეულია, რითაც მოლაპარაკებების პირველი ფაზა დასრულდა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ განცხადებაში.
„ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის საბჭოს დააფიქსიროს ის, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან მოლაპარაკებების პირველი ფაზის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროკავშირის საბჭომ ამა წლის 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტოს მართლაც არის თუ არა მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, რათა მხარეები მოლაპარაკებების მეორე ფაზას შეუდგნენ.
მოლაპარაკებების შედეგებს დასამტკიცებლად ევროკავშირის საბჭოს 14-15 დეკემბერს ევროკავშირის სამიტის ფარგლებში წარუდგენენ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია.
„ჩვენ გარღვევას მივაღწიეთ. გადამწყვეტი პროგრესი მიღწეულია. ეს რთული მოლაპარაკებების კომპრომისია“, - აღნიშნა იუნკერმა.