სტუდენტებისთვის საჯარო სექტორში სტაჟირება საყოველთაო გახდება

სტაჟირების კურსი 6 თვიანი იქნება, რომლის დასრულების შემდეგ საჯარო უწყება სერტიფიკატებს გასცემს.

მთავრობა უკვე მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც სტუდენტებისთვის საჯარო სექტორში სტაჟირება საყოველთაო გახდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების შემდეგ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, სტაჟირება და პრაქტიკა გაიარონ ყველა საჯარო უწყებაში, მათ შორის - რეგიონებში განთავსებულ საჯარო სამსახურებში.

კობახიძის განმარტებით, სტაჟიორების და პრაქტიკანტების პირველი ტალღის მიღება ზაფხულში დაიწყება და მათ შესაძლებლობა ექნებათ, საჯარო დაწესებულებებში 1-ელი სექტემბრიდან გამოცხადდნენ.