ოქროს ფასი ბოლო 5 თვის მინიმუმთან ახლოსაა

ოქროს ფასი 5 თვის მინიმუმს მიუახლოვდა, რასაც ძირითადად ამერიკული დოლარის სიმყარე განაპირობებს.

თავის მხრივ, დოლარის გამყარებას, შეერთებული შტატების საგადასახადო რეფორმის პროგრესი იწვევს. გადამწყვეტი ფაქტორი კი ამერიკის შრომის ბაზრის სტატისტიკა იქნება.

კომექსის სავაჭრო პლატფორმაზე, ტროას უნცია ოქროს ფასმა 2.00 დოლარით (0.16%), 1 251.10 დოლარამდე დაიკლო. ეს კი ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

დოლარის გამყარება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ აშშ-ის კონგრესმა, მთავრობის დროებითი დაფინანსების კანონს მოაწერა ხელი. ამის შემდეგ, ინვესტორებს განუმტკიცდათ იმის რწმენა, რომ მალე საგადასახადო რეფორმაც დამტკიცდება. ეს კი დოლარზე მოთხოვნას და აქედან გამომდინარე, ზრდას განაპირობებს. შესაბამისად, რისკისგან თავშესაფარ აქტივებზე, მათ შორის ოქროზე, მოთხოვნა კლებულობს.

აშშ-ის სენატსა და წარმომადგენლობით პალატას შორის, საგადასახადო რეფორმის საბოლოო ვარიანტის შემუშავებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბოლო ვადად 22 დეკემბერია დასახელებული. მთავრობის დროებითი დაფინანსებაც სწორედ ამ დრომდე გაგრძელდება.

დოლარის სიმყარეს ხელი იმ ფაქტორმაც შეუწყო, რომ აშშ-ში უმუშევრობაზე განაცხადების რიცხვი ბოლო კვირაში შემცირდა. ეს კი ეკონომიკის მდგრადი ზრდის მაჩვენებელია, რასაც თავის მხრივ, ფედრეზერვი დოლარზე საპროცენტო განაკვეთის აწევის არგუმენტად მიიღებს.

საინტერესოა, რომ ინვესტორებმა პრაქტიკულად უყურადღებოდ დატოვეს ის პოლიტიკური დაძაბულობა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისადმი მხარდაჭერას მოჰყვა.