„რეზონანსი"  - ასე "ბერავენ" შტატებს საქართველოში

რეგიონის მუნიციპალიტეტებში წინასაარჩევნოდ გაწეული საქმიანობის ჯილდოდ თუ ნეპოტიზმის ნიშნით სასათბურე თანამდებობებზე დასაქმებას "ოცნება" ვერ თმობს.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ დეკლარირებული საბიუჯეტო ხარჯების შემცირების ფონზე, ადგილობრივ თვითმმართველობებში შტატები წარმოუდგენლად გაბერილია.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მაგალითად, გორის მერს 3 მოადგილე, 3 მრჩეველი, 3 თანაშემწე და 3 კონსულტანტი ეყოლება, პლუს 2 მძღოლიც და გორის მოსახლეობას მათი შენახვა წელიწადში 218 400 ლარი დაუჯდება. დუშეთის მერს 5 პირადი მრჩეველი ჰყავს. მერებს არც ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ჩამორჩა და მას 7 პირადი თანაშემწე ჰყავს. ყველა ამ ადამიანს, უკვე გაწერილი ხელფასების გარდა, სავარაუდოდ, პრემია-დანამატებიც ექნებათ, რას იმას ნიშნავს, რომ სასათბურე პოსტები ბიუჯეტს არცთუ ცოტა თანხა უჯდება.

რაში სჭირდებათ ამდენი დამხმარე მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, მით უმეტეს, რომ მუდმივად ისმის კრიტიკა "გაბერილი შტატების" გამო და მმართველი ძალაც, ასევე, მუდმივად აცხადებს, რომ საჯარო სამსახურებში ოპტიმიზაცია მათი მთავარი მიზანია?

ექსპერტების განცხადებით, ყველასთვის ცნობილია, რომ მრჩევლები, თანაშემწეები თუ კონსულტანტები, რეალურად, არაფერს აკეთებენ და მათ მხოლოდ ერთგულებისა თუ ახლობლობის ნიშნით ჩვენი ჯიბეებიდან უხდიან ხელფასებს. როგორც პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, ამით მმართველი ძალა საკუთარ ერთგულ ხალხს ასაქმებს და არჩევნებში მადლიერების ნიშნად ამ ხალხისგან გარანტირებულ მხარდაჭერასაც იღებს, ხოლო მოსახლეობა ამ მოხშირებულ ნეპოტიზმზე მაინცდამაინც არ რეაგირებს და ეს მანკიერება ისევ გრძელდება.

სხვადასხვა რეგიონული მედიის ინფორმაციით, ახალი მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები უკვე იწყებენ საკუთარი მრჩევლების შერჩევას. მაგალითად, ცნობილია, რომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული 7 თანაშემწე ჰყავს, მათი ხელფასი თვეში 1300 ლარია და, საერთო ჯამში, მხოლოდ თანაშემწეების ხელფასებზე ერთ წელიწადში 109 200 ლარი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ, ასევე, 7 თანაშემწე ჰყავდა ფოთის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიასაც. ეს ინფორმაცია ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

გორის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულ მერ კონსტანტინე თავზარაშვილს 3 მოადგილე, 3 მრჩეველი, 3 თანაშემწე და 3 კონსულტანტი ეყოლება. "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის" ინფორმაციით, საშტატო ნუსხა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 24 ნოემბერს დაამტკიცა.

მრჩევლების, თანაშემწეებისა და კონსულტანტების ანაზღაურების ოდენობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. თანაშემწის ანაზღაურება 1000 ლარია, კონსულტანტის - 900 ლარი. გორის მერს ორი მძღოლი მოემსახურება, ერთის ხელფასი 1000 ლარით არის განსაზღვრული, მეორე მძღოლისა - 850 ლარით.

რაც შეეხება მოადგილეებს, მათი ხელფასი 2150 ლარია. მერის ხელფასი 2 750 ლარით არის განსაზღვრული. მთელი ეს პერსონალი გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წელიწადში 218 400 ლარი დაუჯდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩინოვნიკები მხოლოდ ხელფასს დასჯერდნენ და პრემია-დანამატები არ გამოიწერეს.

იგივე ხდება დუშეთშიც, სადაც ახალარჩეულ მერ ზურაბ სეხნიაშვილს შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული 5 პირადი მრჩეველი ეყოლება, პლუს ერთი თანაშემწე და, ასევე, დამტკიცებულია მერიის სამსახურის უფროსიც.

მერიის ახალ საშტატო ნუსხაში, რომელიც დუშეთის საკრებულომ 2017 წლის 21 ნოემბერს დაამტკიცა, მუნიციპალიტეტის მერის 5 მრჩეველია გათვალისწინებული. აქედან 4 მრჩევლის ყოველთვიური ხელფასი 1000 ლარია, გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის ხელფასი თვეში 700 ლარით არის განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ, ასევე, 1 000 ლარს შეადგენს დუშეთის მერიის სამსახურის უფროსების ანაზღაურებაც. როგორც "რეგინფო" წერს, 5 მრჩეველი ჰყავდა დუშეთის ყოფილ გამგებელ ვაჟა ჩოხელსაც.

ყველა ეს ინფორმაცია ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობითაა და ყველა ახალ დანიშვნას ეხება, თუმცა "მთელ კვირასთან" საუბარში "ქართული ოცნების" წევრი ზაქრო ქუცნაშვილი ამტკიცებს, რომ "არც ერთი ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება".

მისი თქმით, ეს "მრჩევლები" ახალ მერებს არ ეკუთვნით, ძველი მოქმედი თანამშრომლები არიან და ამიტომაც ამაზე საუბარი "საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა".

"ახალ მერებს ესენი არ დაუნიშნავთ იმიტომ, რომ მათი უმრავლესობა წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ პირებს, რომლებსაც, როგორც წესი, შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე. დუშეთის ნაწილში 100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 5 მრჩეველი დაინიშნა, სინამდვილეს არ შეესაბამება. იქ არის ერთი პიროვნება, რომელიც შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ არაინფორმირებული საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს," - აცხადებს ქუცნაშვილი.

იგი აღიარებს, რომ დუშეთის წინა გამგებელს ჰყავდა 5 მრჩეველი. ამბობს, რომ ჯერ ერთი, დუშეთის მუნიციპალიტეტი ტერიტორიით ძალიან დიდია, მთელი აჭარის ტოლია, პლუს, დუშეთში ყველაზე მეტი დასახლებული პუნქტია, თუმცა, ამის მიუხედავად, სწორად არ მიაჩნია, რომ ახალ მერს 5 მრჩეველი უნდა ჰყავდეს.

"მით უმეტეს, ამას ზღუდავს მთავრობის სპეციალური დადგენილება, რომელიც ამბობს, რომ 10 000-ზე ნაკლები მოსახლეობის რაოდენობის მუნიციპალიტეტებში მრჩეველთა რაოდენობა შეზღუდული უნდა იყოს.

"საზოგადოებაში დიდი ბიუროკრატია არასდროს აღიქმება დადებითად, მაგრამ თუ კონკრეტიკაში გადავალთ, მაგალითად, ევროპასთან ასოცირების შეთანხმება ჩვენ გვავალდებულებს, თვითმმართველობის დონეზე შევქმნათ გენდერულ საკითხზე მომუშავე სპეციალური თანამდებობის პირი და ყველა მუნიციპალიტეტს და გამგებელს ჰყავდა თანაშემწე ამ საკითხში. ეს საერთაშორისო ვალდებულებაა და არა, მაგალითად, პირადი დაინტერესებით შერჩეული თანაშემწე. ვერც სრულად ვერ გავაუქმებთ, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ 5 და 7 მრჩეველი იყოს. შემიძლია გითხრათ, რომ დუშეთის ახლად არჩეული მერი აპირებს, გააუქმოს ეს ინსტიტუტი," - განმარტავს ქუცნაშვილი.

"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ეს სისტემა ძალიან უპასუხისმგებლოა და გაუგებარია, ბიუჯეტის ხარჯზე ახლობლების დასაქმება როდემდე უნდა ხდებოდეს.

"გვახსოვს 2014 წელს ადგილობრივი არჩევნების დასრულებისთანავე როგორ გაზარდეს ადგილობრივ სტრუქტურებში თანამშრომელთა რაოდენობა, რადგან ეს არის სწორედ ის არმია, რომელიც ვალდებული იქნება, მუდმივად გვერდში ედგეს ხელისუფლებას და მათ მისცეს ხმა.

"ეს არის ის პრობლემა, რომელზეც ოპოზიცია მუდმივად საუბრობს. დროა, არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა და ბიზნესმენთა ომბუდსმენობა, არამედ საზოგადოებრივი ორგანიზაციებს წარმატებული პირებით შეიქმნას საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტის ომბუდსმენობაც," - ამბობს ცისკარიშვილი.

ეკატერინე ბასილაია

გაზეთი „რეზონანსი"