შელდონ ადელსონი - თამაშების მეფე

იყო დრო, როცა ადელსონი საათში დაახლოებით $1 მილიონს შოულობდა…

შელდონ ადელსონი ღარიბი ემიგრანტის ოჯახში იზრდებოდა ბოსტონის შემოგარენში, ქალაქ დორჩესტერში (დაბ. 1933 წლის 1-ელ აგვისტოს). მამამისი ლიტვიდან იყო, დედა - უკრაინიდან. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. ამ დროს ამერიკა ჯერ კიდევ იმკიდა დიდი დეპრესიის, დიდი გვალვისა და მშრალი კანონის გაუქმების შედეგებს... დღეს შელდონ ადელსონი ერთ-ერთი უმდიდრესი ამერიკელია. სათამაშო ბიზნესის მაგნატი მრავალ კაზინოსა და სასტუმროს ფლობს. მილიარდობით ქონება სათამაშო და ტურისტული ბიზნესით იშოვა. მისი ქონება $26,5 მილიარდსაც აღწევდა. ჟურნალ ”ფორბსის” ანალიტიკოსების შეფასებით, იყო დრო, როცა ადელსონი საათში დაახლოებით $1 მილიონს შოულობდა. თუმცა 2007 წელს აქციების ვარდნის შემდეგ, 2010 წლის მარტის უმდიდრესთა რეიტინგში იმავე ”ფორბსმა” 76 წლის ადელსონს მხოლოდ 73-ე ადგილი არგუნა, ხოლო ქონება $9,3 მილიარდად შეუფასა. შელდონის ლას-ვეგასური კაზინოების სილუეტებს ბევრი იცნობს - ისინი ჰოლივუდის მრავალ ფილმში ”მონაწილეობენ”.

შელდონის მამა ტაქსის მძღოლი გახლდათ და ოჯახის წესიერად გამოკვებაც კი უჭირდა, რადგან იძულებული იყო, შემოსავლის უმეტესი ნაწილი მაფიისთვის მიეცა. უმაღლესი განათლება შელდონს არ მიუღია. თავისი პირველი ფული ტაქსის მძღოლის 12 წლის ვაჟმა ბოსტონში, გაზეთების გაყიდვით იშოვა. ამისთვის $200-ს ბიძას ესესხა. მაგრამ ეს საქმიანობა მალევე მობეზრდა, დაასკვნა, რომ ”ამ ბიზნესში არ იყო სისტემა”. თავისი სისტემა ახალგაზრდა ადელსონმა სულ რაღაც ერთ კვირაში დაამკვიდრა. დაიქირავა თანატოლების ჯგუფი და ქუჩის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში დააყენა ერთი პირობით: ყოველი გაყიდული ეგზემპლარიდან მისთვის უნდა გადაეხადათ. თავად მენეჯერი ყურადღებით ადევნებდა თვალს, რომ სისტემას გამართულად ემოქმედა და შინ მანამდე არ მიდიოდა, სანამ ვაჭრობა არ დამთავრდებოდა.

შემდეგ მუშაობდა ქაშაყის გამყიდველად, მერძევედ, მაღაროელად, შიკრიკად, იპოთეკურ ბროკერად, იმპრესარიოდ, საინვესტიციო ექსპერტად, ფინანსურ კონსულტანტად. საწყისი კაპიტალისთვის თავის მოყრას ადელსონმა რამდენიმე წელიწადი მოანდომა. ბედი არაერთ ბიზნესსფეროში სცადა და ბოლოს არჩევანი გართობის ინდუსტრიაზე შეაჩერა. დღეს მისი ბიზნესის უმეტესი ნაწილი სამორინეებია.

რამდენიმე ხნის შემდეგ შელდონმა გააცნობიერა, რომ საქმიანობის ზოგიერთ სახეობას მეტი მოგების მოტანა შეუძლია, ვიდრე სხვებს და მხოლოდ იმ საქმეს ჰკიდებდა ხელს, რაც მოგებას ტოვებდა. მაგალითად, ბიძამისის ბალაგანში, ადგილობრივ ბაზრობაზე, ის ყურადღებით აკვირდებოდა, როგორ ატრიალებდა ”ბედის ბორბალს” ბიძამისი და ჯიბეში არცთუ ცოტა ფულს იდებდა.

შელდონს ანგარიში არ უჭირდა, ისე გაიწაფა ამ საქმეში, რომ 15 წლის ასაკში ახლობლებს ფინანსურ კონსულტაციებსაც კი აძლევდა. კიდევ ათი წლის შემდეგ კი ახალგაზრდა კაცმა მეგობრებთან ერთად ჩარტერული ტურისტული სააგენტო დააარსა. საერთო ჯამში მან 50-ზე მეტი კომპანია დააფუძნა.

კომპიუტერები გამოსაფენად

1979 წლის აპრილის ბოლო იდგა, შელდონ ადელსონი ჟურნალ ”კომპიუტერ სისტემ ნიუზის” საპილოტე ნომერს ათვალიერებდა. გამოცემა კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებლებს ეძღვნებოდა და აშუქებდა საკითხებს იმ სფეროზე, რასაც შემდგომში დისტრიბუცია ეწოდა. სწორედ მაშინ გაუნათდა გონება: მსოფლიოში არ იყო არც ერთი მსხვილი გამოფენა ან ცნობილი წარმომადგენლობითი ფორუმი, რომელიც ამ პრობლემას მიეძღვნებოდა -დისტრიბუციას პროფესიონალი დილერების მონაწილეობით.

შელდონის წინადადება, დაარსებულიყო რეგულარული გამოფენა, რომელიც მსოფლიო კომპიუტერული მრეწველობის ბარომეტრი უნდა გამხდარიყო, ბიზნესის ”ზვიგენებმა” დიდი მოწონებით მიიღეს. ადელსონმა წინასწარ გულდასმით შეადგინა 50-მდე კომპანიის სია და მათ ხელმძღვანელებს მიმართა. ისინი თანხის გასაღებად მზად აღმოჩნდნენ. ასე შეიქმნა კომპანია ”კომპიუტერ დილერზ ეგზიბიშნი. პირველ საექსპოზიციო ცენტრში მნახველების რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია.

იგრძნო რა კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების უდიდესი პერსპექტივები, შელდონმა თანამოაზრეებთან ერთად 1979 წელს მოაწყო პირველი კერძო კომპიუტერული გამოფენა ”კომდექსი”. გამოფენა არნახული პოპულარობით სარგებლობდა და კომპიუტერულ და საგამოფენო სამყაროებში არსებული ყველა ჯილდო მოიპოვა. კომპანიას მუდმივი ექსპოზიციებისთვის თავისი ფართობი არ ჰქონდა და ამისთვის ადელსონი ლას-ვეგასის სასტუმროებს ქირაობდა. 1988 წლისთვის ”კომდექსი” ისე განვითარდა, რომ საკუთარი საგამოფენო ფართი აუცილებელი გახდა. ადელსონმა და პარტნიორებმა ლას-ვეგასში ლეგენდარული სამორინე The Sands Hotel & Casino იყიდეს, სადაც უყვარდა სტუმრობა ლეგენდარულ ფრენკ სინატრას.. მომდევნო წელს ადელსონმა და მისმა პარტნიორებმა ააშენეს ახალი საგამოფენო ცენტრი, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ლას-ვეგასის პოზიციები ამერიკის საგამოფენო ინდუსტრიაში.

1991 წელს, რომელიც ”განსაკუთრებულად ღირშესანიშნავი” გახდა ადელსონის ცხოვრებაში, მან მილიარდ-ნახევარი დოლარი დააბანდა სასტუმრო-კაზინო The Venetian-ის (“ვენეციელი”) მშენებლობაში. დაწესებულება არა მარტო მოთამაშეებზე იყო ორიენტირებული, არამედ ბიზნესმენებზეც, რომლებიც სასტუმროს საქმიან ცენტრს ეწვეოდნენ.

ადელსონმა გადაწყვიტა, უზარმაზარი სასტუმრო ვენეციურ სტილში მოეწყო თავისი ყოფილი “სანდზ ოტელის” ადგილას, რომელიც საკუთარი ხელით ისე ააფეთქა, წარბიც არ შეუხრია. “ვენეციელი” ნამდვილი კურორტია და არა მარტო კაზინო. მან ყველა შესაძლებელი არქიტექტურული ჯილდო მიიღო. “კომდექსსაც” სულ უფრო მეტი მოგება მოჰქონდა, მაგრამ შელდონი უკვე მთლიანად სამორინეებზე იყო გადართული და გამოფენები აღარ აინტერესებდა. ამიტომ მან ექსპოცენტრი 1995 წელს იაპონურ “სოფტ ბენკ კორპორეიშნს” მიჰყიდა $862 მილიონად, საიდანაც ადელსონის წილმა ნახევარ მილიარდ დოლარზე ცოტა მეტი შეადგინა.

მაკაოში კაზინო “სანდზის” მშენებლობაში 1996 წელს ადელსონმა $265 მილიონი ჩადო და მაკაოს ადმინისტრაციასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კიდევ $12 მილიარდი დააბანდა კაზინოების კომპლექსების, სასტუმროების, საგამოფენო დარბაზებისა და მაღაზიების მშენებლობაში.

თამაშების მეფე

დღეს ადელსონის კუთვნილი Las Vegas Sands Corp-ი ფლობს და მართავს სასტუმრო-კაზინო Venetian Resort Hotel Casino-ს ლას-ვეგასში, რომელთანაც არის საგამოფენო კომპლექსი და კონგრესცენტრიც. ორიოდე წლის წინ აამოქმედა კიდევ ერთი სასტუმრო-კაზინო The Palazzo Resort Hotel Casino ლას-ვეგასში.

მაკაოში LVS-ი ფლობს სამორინე “სანდზ მაკაოს”, სასტუმრო-კაზინოს Venetian Macao resort Hotel casino-ს, სადაც იგება კომპლექსი საექსპოზიციო დარბაზით, ლუქსის კლასის საცხოვრისებით, სავაჭრო ცენტრებით და სხვ. ეს მსოფლიოში სიდიდით მეორე შენობაა, რომლის საერთო ფართობი დაახლოებით მილიონი კვადრატული მეტრია. სამომავლოდ კი მაკაოში კიდევ 20 ათასი სასტუმრო ნომრის აშენებას აპირებს.

ებრაელი ქველმოქმედი 2006 წელს $25 მილიონით დაეხმარა სიონისტურ ორგანიზაციას “ბერთრაიტ ისრაელს”, რომელიც ებრაელი ახალგაზრდების ისრაელში მოგზაურობას აფინანსებს. მომდევნო წელს კი დასახმარებელი თანხა გააორმაგა, თელ-ავივის უნივერსიტეტში დააარსა სამედიცინო კვლევითი ცენტრი; შექმნა ჯგუფი “ფრიდომ უოტჩი” - ერაყში ბუშის პოლიტიკის მხარდასაჭერად. ხოლო 2007 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდი წელიწადში $200 მილიონს ხარჯავს ისრაელისა და ებრაელების დასახმარებლად. სამედიცინო სფეროში საქველმოქმედო საქმიანობას მისი მეუღლე, ექიმი მირიამ ადელსონი ხელმძღვანელობს. პირველ ცოლს, სანდრას, შელდონი 1988 წელს გაშორდა და 1991 წელს ექიმ მირიამ ოქშორნზე იქორწინა, ექიმზე, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის მეთოდებს იკვლევდა. ადელსონის ხუთი შვილიდან ორივე ვაჟს, მიტჩელსა და ჰარის ნარკოტიკებისკენ ჰქონდათ მიდრეკილება, 2005 წელს მიტჩელი ზედოზირებით გარდაიცვალა.

”მთელი ჩემი საქმიანობა და სიმდიდრე შესაძლებლობას მაძლევს, კეთილი საქმეები ვაკეთო”, - ეს სიტყვები შელდონს ეკუთვნის. მისი კაზინოების ქსელი ყველაზე დიდია მსოფლიოში. ადელსონის ერთ-ერთი ბოლო იდეაა სამორინეების აგება ავტოსადგომების ტერიტორიაზე, რომლებიც დიდი ბრიტანეთის საფეხბურთო კლუბებს ეკუთვნით. ჩანაფიქრი ის არის, რომ გულშემატკივრები სათამაშო კლუბებში შეიკრიბონ, მაშინ როცა მათ გუნდებს გასვლითი თამაშები ექნებათ.

bpn

ემა ტუხიაშვილი