სამედიცინო სფეროში ფინანსური მანიპულაციები რომ სიახლეს არ წარმოადგენს, ეს არც ისე დიდი ხნის წინ დაადასტურა პარლამენტის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, რომლის განცხადებითაც, საყოველთაო ჯანდაცვა საავადმყოფოებისთვის გამდიდრების წყაროდ იქცა.
ამ განცხადებიდან ცოტა ხანში სახელმწიფო დაზღვევის პირობები შეიცვალა კიდეც, თუმცა, ჩნდება ეჭვი, კლინიკებმა ახალი ფინანსური სქემები შექმნეს - პაციენტებს ისეთი სტანდარტებით უთვლიან მკურნალობის ხარჯებს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში აგდებენ და აიძულებენ, ფინანსური დახმარებისთვის მიმართონ სახელმწიფო ორგანოებს. სავარაუდოდ, ამ მეთოდს კლინიკები იმ სახელმწიფო სახსრების კომპენსაციისთვის იყენებენ, რომელიც მათ სახელმწიფო დაზღვევის პირობების შეცვლის შედეგად ჩამოაკლდათ.
ორი თვის წინ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის მოადგილე ლია იაკობაშვილი სამედიცინო დაწესებულების მიერ ფინანსური მანიპულაციების ეპიცენტრში აღმოჩნდა და დეტალებზე თავად გვიყვება:
- 2017 წლის 25 სექტემბერს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის დედათა და ბავშვთა ცენტრიდან თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 16 წლის ნანა ეშმაკურაშვილი გადმოიყვანა. მოზარდი თავბრუსხვევასა და წონასწორობის დაკარგვას უჩიოდა.
ნანას ბებიას კლინიკის მისაღებშივე სთხოვეს შეხვედრა მენეჯერთან, რომელმაც აუხსნა, რომ პაციენტს 3-4 დღე დააკვირდებოდნენ, ჩაუტარებდნენ მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას და ამ სამედიცინო პროცედურების ღირებულება 645 ლარი იქნებოდა.
შეშინებული ბებია, რომელიც ნანიკოსთან ერთად უდედოდ დარჩენილ კიდევ ორ შვილიშვილს ზრდის, დათანხმდა, მით უმეტეს, აუხსნეს, რომ მოზარდს, შესაძლოა, სიმსივნური დაავადება ჰქონდა და თავბრუსხვევაც ამით ყოფილიყო გამოწვეული. ნანას იქვე სისხლის ანალიზი გაუკეთეს - ეს იყო ერთადერთი პროცედურა, რომელიც მას სამი დღის განმავლობაში ჩაუტარდა.
მეორე დილით ბებია მენეჯერმა დაიბარა, გადასცა ე.წ. ფორმა #100 და გამოუცხადა, რომ 1785 ლარი და 60 თეთრი უნდა გადაეხადა. პაციენტის პატრონს მისცეს შესაბამისი ანგარიშფაქტურაც (N#5180) და კალკულაცია, რომელიც მოიცავდა მხოლოდ 25-26 სექტემბრის ხარჯებს და არ იყო მითითებული, რაში რა დაიხარჯა იმ ორ დღეში.
შეშფოთებულმა ბებიამ იკითხა, წინა საღამოს მისაღებში მენეჯერმა ხომ 645 ლარი მითხრა, ახლა რა შეიცვალა ან ამდენი ფული საიდან უნდა მოვიტანოო, რაზეც მენეჯერმა ცინიკურად უპასუხა: რა პრობლემაა?! თუ არა გაქვთ, მიდექ-მოდექით, მიაკითხეთ სახელმწიფო უწყებებს და დაგაფინანსებენო. ამ საუბარს ბავშვიც შეესწრო და, ნერვიულობისგან აკანკალებული, ბებიას ბოდიშს უხდიდა, ასეთ მძიმე მდგომარეობაში რომ ჩააგდო.
- კლინიკამ არ დაასაბუთა, ფაქტობრივად გასამმაგებული თანხა რატომ მოითხოვა?
- სწორედ ამის გარკვევას ვითხოვ უკვე ორ თვეზე მეტია და კლინიკისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე. ეშმაკურაშვილების ოჯახს 2008 წლიდან ვიცნობ. ისინი ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ფხვენისში ცხოვრობენ. "აგვისტოს ომის" დროს კი, დევნილობისას, ჰოლდინგ "პალიტრამედიის" გვერდით, სხვა დევნილებთან ერთად, სკოლის შენობაში დააბინავეს. მაშინ ჩვენი სამსახური შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა დევნილებს, მათ შორის, ეშმაკურაშვილების ოჯახს. სწორედ მას შემდეგ მოქალაქეობრივ ვალად მივიჩნევ მათ გვერდით დგომას. მით უმეტეს, რომ ეშმაკურაშვილების ოჯახის ერთ-ერთი ბავშვის ნათლიაც ვარ.ნანას ბებიამ იაშვილის კლინიკაში მისვლიდან მეორე დღეს შეშფოთებულმა დამირეკა, თბილისში ვართ, ნანიკო საავადმყოფოში დავაწვინეო... სასწრაფოდ კლინიკაში მივედი და პირველი, რამაც გამაოცა, მოუწესრიგებელი პალატა იყო, მაგიდას ცალი ფეხი მომტვრეული ჰქონდა და რომ არ წაქცეულიყო, ცალი კუთხით წყლის ნიჟარაზე იყო შემოდებული. არ ველოდი კლინიკას ასეთი მოუწესრიგებელი პალატა თუ ექნებოდა.
ნანას გვერდით მძიმედ დაავადებული ჩვილი იწვა და შუაში ფარდა ჰქონდათ ჩამოფარებული. ერთი სიტყვით, 90-იანი წლები გამახსენდა... ჩემი პალატაში ყოფნისას ექთანი შემოვიდა და კითხვაზე, რა სამედიცინო დახმარებას უწევდნენ პაციენტს, მიპასუხა, "დიაზეპამს" ვასმევთო. გამიკვირდა, - ნანას არასდროს ჰქონია ძილის პრობლემა, არც არასდროს დასჭირვებია დასამშვიდებელი პრეპარატები-მეთქი, რაზეც ექთანმა ნერვიულად მიპასუხა, უფრო კარგად რომ დაიძინოს, "დიაზეპამის" მიღება აუცილებელიაო. მოგვიანებით დავუკავშირდი ნანას მკურნალ ექიმს, თამარ აფრასიძეს, რათა აეხსნა პაციენტის მდგომარეობა. მითხრა, რომ ნანას ზოგადი დანიშნულების სამი დასახელების წამალს ასმევენ. რაც შეეხება დიაგნოზს, მხოლოდ მას შემდეგ გახდებოდა ნათელი, რაც ნანას მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას გაუკეთებდნენ.
პირველი კითხვა მაშინ გამიჩნდა, როდესაც ექიმმა მითხრა, სამი სახეობის წამალს ვასმევთო, არადა, მოზარდისთვის "დიაზეპამის" მეტი არაფერი მიუციათ; მეტიც, დაწოლიდან მეორე დღესვე ნანიკოს ბებიას მოსთხოვეს წამლის - "დიაგრამის" ყიდვა. ბუნებრივია, ბებიამ წამალი კლინიკაში მიიტანა და ექიმის მითითებით პაციენტმა ერთხელ დალია.
- რა გაირკვა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შემდეგ?
- დაწოლიდან მხოლოდ მესამე დღის ბოლოს გადაიყვანეს მოზარდი მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევისთვის სხვა კლინიკაში და ტრანსპორტირების 60 ლარი ბებიას გადაახდევინეს. მან ითხოვა, ბავშვს თავად წავიყვანო, რადგან 60 ლარი მისთვის არცთუ პატარა თანხაა, მაგრამ კატეგორიულად განუცხადეს, რომ მათ უნდა უზრუნველეყოთ ტრანსპორტირება. საბედნიეროდ, ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მოზარდს სიმსივნური არაფერი აქვს და ამის რისკიც კი არ არსებობს. მეოთხე დღეს, შუადღისას, ნანიკო იმავე დიაგნოზით გაწერეს, რაც კლინიკაში დაწოლის პიველსავე დღეს დაუსვეს და ბებიას კიდევ ერთხელ შეახსენეს 1785 ლარის გადახდა.ვითარების გასარკვევად იაშვილის კლინიკის პიარსამსახურის ხელმძღვანელს, თამარ ჩეჩელაშვილს დავურეკე და ვთხოვე, მოეწოდებინა ხარჯთაღრიცხვა, თუ როგორ დაიანგარიშა კლინიკამ 1785 ლარი და რა სამედიცინო მანიპულაციები ჩაუტარდა სამი დღის განმავლობაში მოზარდს. თამარმა, ვითარებაში გავერკვევი და შეგეხმიანებითო. ორი კვირის მანძილზე რამდენჯერმე დავუკავშირდი, მაგრამ როგორც ამიხსნა, ძალიან დაკავებული იყო - გადაღებებზე დავდივარო(?!), ბოლოს კი ტელეფონსაც აღარ პასუხობდა. ჩემს ზარს მხოლოდ მას შემდეგ უპასუხა, რაც სხვა ნომრით დავუკავშირდი - მითხრა, ელექტრონული ფოსტის მისამართს გამოგიგზავნით და ოფიციალურად, წერილობით მიმართეთ ამ მისამართზე, რომ ხარჯთაღრიცხვა გჭირდებათო. მოლოდინში კიდევ ერთი კვირა გავიდა, მაგრამ ქალბატონ თამარს არანაირი მისამართი არ გამოუგზავნია და მას შემდეგ აღარც სატელეფონო ზარებს უპასუხა. როდესაც მივხვდი, რომ ტელეფონით პრობლემა არ მოგვარდებოდა, იძულებული გავხდი, კლინიკაში მივსულიყავი და პირადად მენახა ქალბატონი თამარი. ამჯერად მითხრა, რომ ვერაფრით დამეხმარებოდა, რადგან ხარჯთაღრიცხვა შეეძლო მოეწოდებინა მხოლოდ დირექტორის მოადგილე ვანიკო ჩხაიძეს, რომელიც მივლინებით მონტენეგროში იმყოფებოდა. თუმცა დამპირდა, როგორც კი დაბრუნდება, შეგატყობინებთო. იქვე დასძინა, სანამ ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებულ პრობლემას არ გაარკვევთ, გადახდის ვადას შევაჩერებთო. ეს კი ტყუილი დაპირება აღმოჩნდა, რადგან მალევე ნანას ბებიას დაუკავშირდნენ, კატეგორიულად მოსთხოვეს თანხის გადახდა და როგორც ბებია ამბობს, დაემუქრნენ კიდეც - თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო.
თამართან შეხვედრიდან კიდევ ერთი კვირა გავიდა, არც ამჯერად დამკავშირებია. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში მირჩიეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ოჯახისგან მინდობილობას ავიღებდი და ისე გავაგრძელებდი დავას. იმის გამო, რომ ბავშვს დედა არ ჰყავს, მინდობილობა მამისგან ავიღე, ისევ კლინიკაში მივედი და პირდაპირ ვანიკო ჩხაიძეს მივმართე. როგორც მან მითხრა, აბსოლუტურად არაფერი აკავშირებს ხარჯთაღრიცხვასთან, რადგან დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში და არა ფინანსური მენეჯერი. არ ვიცი, ეს რას დავაბრალო - პრესსამსახურის უფროსმა არ იცის, ვის რა მოვალეობა აკისრია, თუ ცდილობდა, როგორმე გაეწელა დრო, რომ იქნებ მომბეზრებოდა წინ და უკან სიარული. მოკლედ, ბატონმა ვანიკომ განმიმარტა, კანცელარიაში დაწერეთ განცხადება ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნითო და მეც კანცელარიისკენ გავემართე. რამდენიმე დღის შემდეგ კლინიკიდან დამიკავშირდნენ, შეგიძლიათ ხარჯთაღრიცხვა წაიღოთო, გახარებულმა კლინიკას მივაკითხე, თუმცა ხარჯთაღრიცხვა, რომელიც გადმომცეს, იდენტური იყო იმ ფორმა #100-ისა, რომელიც ნანიკოს ბებიას საავადმყოფოში მისვლიდან მეორე დღეს გადასცეს, თუმცა ერთი განსხვავებით - ამჯერად მასში დამატებული იყო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის თანხა - 236 ლარი და 25 თეთრი. ისევ კლინიკაში დავბრუნდი და შევხვდი ფინანსურ მენეჯერს, რომელმაც მშვიდად განმიცხადა, რამდენჯერაც გსურთ, იმდენჯერ დაწერეთ განცხადება, იმ ხარჯთაღრიცხვის გარდა, რაც გადმოგეცით, ჩვენგან ვეღარაფერს მიიღებთო.
- საბოლოოდ შეძელით რაიმეს გარკვევა?
- ორთვიანი ბრძოლა იმით დასრულდა, რომ ვერაფრით მივიღე დაწვრილებითი კალკულაცია, რა მომსახურებაში ითხოვს იაშვილის კლინიკა 1785 ლარს. ეჭვი გამიჩნდა, რომ კლინიკა დასაბუთებულ პასუხს ვერ იძლევა, რადგან რაღაც მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. ყველაფრის თავიდან მოძიება გადავწყვიტე: მივაკითხე გორის დედათა და ბავშვთა ცენტრს, სადაც პირველად მიიყვანეს მოზარდი, გამოვითხოვე ფორმა #100, რომლითაც გადაიგზავნა პაციენტი გორიდან თბილისში. ყოველივე ამის გაცნობამ არათუ გამიქარწყლა, პირიქით, გამიმძაფრა ეჭვი, რადგან გორის კლინიკის მიერ გაცემული ზუსტად იგივე ფორმა #100, რომლის ასლიც გადმომცეს იაშვილის კლინიკაში, შეუიარაღებელი თვალითაც კი განსხვავდებოდა დედნისგან. იურისტებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად დადასტურდა ეს აშკარა შეუსაბამობა: გორის კლინიკის მიერ გაცემულ ფორმა 100-ში, რომლის ნომერია 5307, მითითებულია ორი დიაგნოზი შესაბამისი კოდით: "ბაქტერიული საკვებისმიერი ინტოქსიკაცია, დაუზუსტებელი - A05,9 (რომელიც ფინანსდება საყოველთაო დაზღვევით) და თავბრუსხვევა, რომელიც სხვაგვარად არ არის დადასტურებული - R42".იაშვილის სახელობის კლინიკის მიერ მოცემულ იმავე ფორმა #100-ში, იმავე 5307 ნომრით, მითითებულია მხოლოდ ერთი დიაგნოზი - "თავბრუსხვევა, რომელიც სხვაგვარად არ არის დადასტურებული R42". გარდა ამისა, იაშვილის კლინიკის მიერ წარმოდგენილ ფორმა #100-ში, გრაფაში - დაწესებულების დასახელება, მისამართი, სადაც იგზავნება ცნობა, ხელით არის ჩაწერილი "იაშვილის სახელობის ბ/კლინიკა"; ხოლო გორიდან გამოთხოვილ იმავე დოკუმენტში ჩაბეჭდილია "ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტო".
პასუხგაუცემელია შეკითხვები: რატომ განსხვავდება ეს ორი დოკუმენტი, რომლებიც აბსოლუტურად იდენტური უნდა იყოს? რატომ არის გამქრალი იაშვილის კლინიკის მიერ წარმოდგენილ ფორმა #100-ში ის დიაგნოზი და კოდი (A05,9), რომელიც საყოველთაო ჯანდაცვით ფინანსდება და დატოვებულია მხოლოდ ის, რომლის ტარიფსაც საავადმყოფო შიდა სტანდარტით ადგენს? სწორედ ამის საფუძველზე ხომ არ წარმოიშვა განსხვავება 645-სა და 1785 ლარს შორის?
ამას გარდა, სხვა შეკითხვებიც მრავლადაა: თუ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში თავიდანვე გამორიცხეს ინტოქსიკაცია და ორიენტაცია აიღეს თავის ტვინის პათოლოგიაზე, რატომ არ გადაუღეს პაციენტს ტომოგრაფია კლინიკაში შესვლიდან მოკლე ხანში და ეს დიაგნოსტიკური მანიპულაცია ჩატარდა მხოლოდ სტაციონარში შეყვანიდან მესამე დღეს?
რატომ არის კალკულაციაში შეტანილი სხვადასხვა სახის გადასხმების საფასური, როცა იაშვილის სახელობის კლინიკაში პაციენტს არანაირი გადასხმა არ ჩატარებია და ეს, გარდა პაციენტის ბებიის მტკიცებისა, ნათლად ჩანს მორიგე ექიმის ჩანაწერებში, სადაც მითითებულია პაციენტის მიერ მხოლოდ "დიაზეპამისა" და ორი სახეობის წვეთების მიღება. თუმცა, კიდევ ერთხელ დაჟინებით მინდა გავიმეორო, გოგონასთვის "დიაზეპამის" გარდა, არანაირი წამალი არ მიუციათ.
დაბოლოს, მთავარი: იაშვილის კლინიკის მიერ გაცემული კალკულაციის მიხედვითაც კი, თავისი გაურკვეველი და დუბლირებული თანხებით, პაციენტზე გაწეული რეალური ხარჯი შეადგენს 708 ლარსა და 42 თეთრს (ამ თანხაში შედის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევაც). მარტივი არითმეტიკით, პაციენტისთვის მოთხოვნილ 1785.6 ლარსა და 708.42 ლარს შორის სხვაობა 1077.18 ლარია. ანუ, სულ რომ ლეგიტიმური იყოს პაციენტისთვის მოთხოვნილი 1785.6 ლარი, რა გამოდის - კლინიკის მოგება 1077.18 ლარია? რომელი სტანდარტით დგინდება მოგების ასეთი მარჟა? ესაა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სტანდარტი?
სამწუხაროა, რომ იაშვილის კლინიკაში არ აღმოჩნდა პირი, რომელიც ისურვებდა ამ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხი გაეცა. მეტიც, იცით, რა მითხრა იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა? ნეტავ პაციენტის შემოსვლისთანავე გეთქვათ, რომ საქმე თქვენთან დაახლოებულ პაციენტთან გვქონდა და სხვაგვარად მოვიქცეოდითო, ანუ თუ შევატყობინებდი, რომ პრესის მუშაკი, კერძოდ, "კვირის პალიტრის" თანამშრომელი ვარ, სხვაგვარად მოიქცეოდნენ? რას ნიშნავს ეს?
- როგორც ვიცი, თქვენ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსაც მიმართეთ.
- კლინიკის ხელმძღვანელობის უსულგულობა, შემკული ცინიზმით, გახდა სწორედ მიზეზი იმისა, რომ დახმარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის მიმემართა. საქმე ისაა, რომ ნანა ეშმაკურაშვილის ოჯახი, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულია და დღესაც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს, უარს არ ამბობს მკურნალობის თანხის გადახდაზე, მაგრამ ეს გადასახადი მკურნალობის შესაბამისი უნდა იყოს და არ უნდა ტოვებდეს უსამართლობის განცდას, მით უმეტეს, რომ პაციენტი იაშვილის კლინიკიდან ზუსტად იმავე დიაგნოზით გაწერეს, რითიც მიიღეს.P.S. მასალის მომზადებისას კიდევ ერთხელ დავუკავშირდით იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, თამარ ჩეჩელაშვილს, რომელმაც ამჯერად კითხვების გადაგზავნა გვთხოვა. თხოვნა შევასრულეთ. თამარ ჩეჩელაშვილმა ერთკვირიანი დუმილის შემდეგ ვინმე გიორგის ტელეფონის ნომერი მოგვწერა (თამარს მივწერეთ, ვეკითხებოდით, ამჯერად ვისთან გადაგვამისამართა, თუმცა პასუხი აღარ მოუწერია). თამარის მოწოდებულ ნომერზე რამდენჯერმე დავრეკეთ, თუმცა, გიორგიმ რამდენიმე დღის შემდეგ გვიპასუხა და ახლა მან გვთხოვა შეკითხვების გაგზავნა. გადავუგზავნეთ. პასუხს გაზეთის სტამბაში დასაბეჭდად გაგზავნამდე ველოდით, მაგრამ ამაოდ... ისევ პასუხგაუცემელია კითხვა, როგორ დაიანგარიშა კლინიკამ ნანა ეშმაკურაშვილის სამდღიანი სამედიცინო მომსახურების ხარჯები.
წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 11 დეკემბრის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად