ქუთაისის აეროპორტიდან დღეს დილით ბერლინის რეისი არ შესრულდა

დღეს დილით დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბერლინის მიმართულებით რეისი არ შესრულდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აეროპორტიდან მგზავრებმა აცნობეს.

„რეისი გადაიდო. ქუთაისი - ბერლინი დილის 6-ზე უნდა გაფრენილიყო და 16 საათამდე გადაიტანეს. ამ დროს ფრენა ან იქნება ან - არა. კომპანიის წარმომადგენელი არ იმყოფება ადგილზე და განმარტებას არავინ გვაძლევს“, - განაცხადა მგზავრმა გოჩა გამეზარდაშვილმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის აეროპორტში განუცხადეს, თვითმფრინავი, რომელიც ბერლინში უნდა გაფრინდეს, ჯერ ლონდონიდან უნდა ჩამოფრინდეს, თუმცა უამინდობის გამო ამ დრომდე გამოფრენა ვერ შეძლო.