დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ჭენ ჭძიესა და მის თანხმლებ დელეგაციას შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება პარტნიორობაზე, რომელიც არსებობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ისეთი გლობალური ინიციატივის მასშტაბით, როგორიცაა „ერთი სარტყელი - ერთი გზა“.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის ძირითად პრინციპებს საქართველო მხარს უჭერს. მისი თქმით, საქართველო ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილია, იმ მარშრუტს კი, რომელიც გადის საქართველოზე, უკვე აქვს საერთაშორისოდ აღიარებული სახელი და ცნობილია, როგორც „შუა“ ან „ცენტრალური“ კორიდორი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში. აღინიშნა, რომ ჩინეთის განვითარების ბანკს 250 მლნ აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი აღნიშნული ინიციატივის მონაწილე ქვეყნებში პროექტების დასაფინანსებლად. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოში ჩინეთის განვითარების ბანკის რეგიონალური ოფისის გახსნის შესაძლებლობაზე.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა ჩინური კომპანიების, მათ შორის, საბანკო ინსტიტუტების ინტერესი საქართველოს მიმართ. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ჩინეთის განვითარების ბანკის კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები და პროექტები, აგრეთვე ის მხარდაჭერა, რომელსაც აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია ჩინურ კომპანიებს საქართველოს საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის შემთხვევაში აღმოუჩენს.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობაზე ჩინურ მხარესთან ერთობლივი ეკონომიკური, ინდუსტრიული და სხვა სახის თავისუფალი ზონების შექმნის მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმადაც საქართველო და ჩინეთი ხელს შეუწყობენ ჩინური საწარმოების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური ზონების მშენებლობას და თანამშრომლობას საწარმოო შესაძლებლობების სფეროში. ეკონომიკური ზონები მოიცავს ინდუსტრიულ ზონებს, ინდუსტრიულ პარკებს, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ პარკებს, ინდუსტრიული კლასტერების პარკებს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს.