უკრაინის მოვლენები ქართულ ტურიზმს ემუქრება?

”ყოველ ზაფხულს 4 მილიონი უკრაინელი ჩადიოდა ყირიმში, წელს იქ ვერ ჩავლენ და ჩვენთან მათი ერთი პროცენტიც რომ წამოვიდეს, ეს დამსვენებლთა ნაკადის ორმაგ ზრდას გამოიწვევს”.

ზაფხული თანდათან გვიახლოვდება და ჩვენი ქვეყნის კურორტები ყველაზე ცხელი სეზონისთვის ემზადებიან, თუმცა, ამ კურორტების მკვიდრთ ერთგვარი შიში აქვთ, რომ წლევანდელი სეზონი ვერ იქნება ისეთი, როგორსაც ისურვებდნენ. ქობულეთის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ გოგიბერიძე ძალიან კარგად იცნობს ამ სფეროში არსებულ პრობლემებს, რადგან თვითონაც საოჯახო სასტუმროს მფლობელია. მისი აზრით, ზაფხულის სეზონზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უარყოფიათად აისახება:

- ბოლო წლებში შავიზღვისპირა ზოლში მოქმედი კერძო სასტუმროები ძირითადად სომხეთიდან ჩამოსული ტურისტებით ივსებოდა, შემდეგ სომხეთში დაიწყო კრიზისი, რომელმაც იქაური ტურისტების კონტიგენტი მკვეთრად შეამცირა. შარშან, მაგალითად, ორად-ორი ოჯახი მივიღე სომხეთიდან. გასულ წელს ისინი უკრაინიდან, ბელორუსიდან და რუსეთიდან ჩამოსულებმა ჩაანაცვლეს. ვშიშობთ, რომ უკრაინაში არსებული დაძაბულობის გამო წლევანდელი სეზონი შარშანდელთან შედარებით ცუდი იქნება. ახლა რაც შეეხება ფასებს: გასულ წელს, ერთადგილიანი ოთახი კარგი პირობებით, დღე-ღამეში 25-30 ლარი ღირდა. შედარებით ნაკლები პირობების მქონე კი - 20 ლარი. რადგან უკრაინაში სიტუაცია დაძაბულია, არა მგონია, უკრაინელები ქობულეთში ჩამოვიდნენ დასასვენებლად. ამიტომ, ადგილობრივი დამსვენებლების იმედზე უნდა ვიყოთ. მარტო ქართველი დამსვენებელი კი ბაზარს ვერ შექმნის. ამიტომ, ჩვენი ვარაუდით, წელს ბინები უფრო იაფი იქნება, ვიდრე შარშან იყო. თუ საკმაო რაოდენობის ხალხი ვერ ჩამოვა, ბინის ფასს როგორღა ავწევთ? პირიქით, უნდა გავაიაფოთ. ამის მიუხედავად, სეზონისათვის მაინც ვემზადებით: ოთახებს ვარემონტებთ, ვალამაზებთ. ბევრი ამას ბანკიდან აღებული სესხით აკეთებს. ადრეც ჰქონდათ სესხი, მაგრამ კიდევ გამოიტანეს, რომ მომავალ სეზონს მომზადებულები შეხვდნენ. რასაკვირველია, გვინდა, რომ ჩვენც კმაყოფილები ვიყოთ და ჩვენი სტუმრებიც.

საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი ფიქრობს, რომ ტურიზმის ადგილობრივ ბაზარზე, დრამატული ცვლილებები ფასებთან დაკავშირებით მოსალოდნელი არ არის:

-არაფერი ისეთი არ ხდება, რამაც შეიძლება კურორტებზე ფასების აწევა, ან გაიაფება გამოიწვიოს. ამ ეტაპზე საამისო ნიშნებიც კი არ ჩანს. რასაკვირველია, პოლიტიკურ სიტუაციაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული და თუ ქვეყანაში სიმშვიდე შენარჩუნდება, ჩვენს კურორტებზე ისეთივე სიტუაცია იქნება, როგორიც შარშან იყო. რა თქმა უნდა, უკრაინის ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყნიდან საქართველოში ბევრი დამსვენებელი ჩამოდის, მაგრამ თუნდაც უკრაინელი ტურისტების რიცხვი შემცირდეს, მათ რუსეთიდან და დსთ-ს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები ჩაანაცვლებენ. დსთ-ს სივრციდან წელს სერიოზული მოთხოვნაა და ეს ფაქტორი გიდების რაოდენობაზეც აისახება: კომპანიები უკვე ეძებენ გამოცდილ რუსულენოვან გიდებს. ასეთი მოთხოვნა წინა წლებში არ ყოფილა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო შიდა ტურიზმის მიმართ. ადგილობრივი, ქართველი დამსვენებლები ჩადიან ამ კურორტებზე, ხარჯავენ ფულს და მნიშვნელოვან სეგმენტს ქმნიან. სასიამოვნო სულაც არ არის ამის აღიარება, მაგრამ ჩვენ დაგვიგროვდა ფაქტები, რომ სასტუმროები ჩვენს მოქალაქეებს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე უცხოელებს. ასეთი რამ არ უნდა მოხდეს, რადგან საქართველოს მოქალაქეები შიდა ტურიზმის ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი რგოლია. ტურიზმისათვის სერიოზული დამაბრკოლებელი ფაქტორია დაბინძურებული გარემო, რომელიც ძალიან აწუხებს ყველას. როგორც წესი, დასასვენებელი კომპლექსები სუფთა და მოწესრიგებულია, მაგრამ უახლოესი გარემო, მაგალითად ტყე და მდინარეები დაბინძურებულია: ხეებს პოლიეთილენის პარკები ”ამშვენებს”, ზოგ დასახლებაში კი, ნარჩენებს პირდაპირ მდინარეში ყრიან. ეს ქართველი დამსვენებლებისთვისაც ძალიან შემაწუხებელია, ამიტომ, როცა საშუალება აქვთ, ისინი უცხოეთის კურორტებზე მიდიან. ამ პრობლემებს ყურადღება უნდა მიექცეს, თორემ შეიძლება ადგილობრივი ტურისტების დიდი ნაკადი დავკარგოთ. ალბათ თქვენც დამეთანხმებით: ძნელია დაისვენო იქ, სადაც ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემებიც კი მოუგვარებელია.

როგორ ემზადება საქართველო ზაფხულის სეზონისათვის? - ამ კითხვით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, რუსუდან მამაცაშვილს მივმართეთ:

-მომავალი სეზონისათვის განსაკუთრებულად ვემზადებით: სერიოზულ სარეკლამო კამპანიას ვაწარმოებთ მიზნობრივ ბაზრებზე. მაგალითად, აზერბაიჯანში მიმდინარეობს ძალიან დიდი მარკეტინგული კამპანია - იქ მრავლად არის ჩვენი ბილბორდები, ბაქოს მეტროს ყველა სადგურში შეხვდებით ჩვენი ქვეყნის რეკლამას. წარმოიდგინეთ, დღეში რამდენი ადამიანი მგზავრობს მეტროთი და ამ რეკლამებს ხედავს. ევროპის ბაზრების მოზიდვასაც ვცდილობთ, ამიტომ, სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს გერმანიაში, სულ მალე ჰოლანდიაშიც ვაპირებთ სარეკლამო კამპანიის დაწყებას. ამ მიზნით მაქსიმალურად ვიყენებთ ინტერნეტრეკლამასაც. საქართველოს ტერიტორიაზე იხსნება ახალი სასტუმროები, რაც უფრო მეტი ვიზიტორის მიღების საშუალებას მოგვცემს. ბათუმში ფასები ტრადიციულად ყოველთვის მაღალია, მაგრამ იხსნება ახალი სასტუმროები, ვფიქრობთ საცხოვრებელი კომპლექსის გახსნასაც და იმედი გვაქვს, რომ ამის შედეგად კონკურენციაც გაიზრდება და ფასებიც დაიკლებს. კარგად ვიცით, რომ ჩვენს კურორტებზე ბევრი პრობლემაა სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით. ჯერჯერობით რისი გაკეთებაც შევძელით, ის არის, რომ ტურისტებს შეუძლიათ გაჩერდნენ ბეზინგასამართ სადგურებში, სადაც სანიტარული კვანძები და სველი წერტილები ნორმალურ მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაწვდება იმას, რომ ყველა საკურორტო ქალაქსა თუ დასახლებას მივხედოთ, ამიტომ, ეს საერთო ძალებით უნდა მოხერხდეს: ადგილზე წესრიგისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა მუნიციპალიტეტებმა უნდა იტვირთონ.

- როგორ ფიქრობთ, უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო წელს მართლა შემცირდება უკრაინელი ტურისტების რაოდენობა?

- ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ვიზიტორი მოვიზიდოთ ამ ქვეყნიდან. რატომ ჰგონიათ, რომ წლევანდელ საკურორტო სეზონზე უკრაინა არ იქნება წარმოდგენილი? ვფიქრობთ, რომ ამგვარი, ნეგატიური განწყობის საფუძველი არა გვაქვს. ძალიან ბევრი ექსპერტი აკეთებს პრონოზს, რომ წელს უკრაინელი ვიზიტოროების საკმაო რაოდენობა ჩამოვა საქართველოში. ამის თაობაზე საგანგებო მსჯელობა გვქონდა უკრაინელ კოლეგებთან და ტურისტულ კომპანიებთან. ყოველ ზაფხულს 4 მილიონი უკრაინელი ჩადიოდა ყირიმში, წელს იქ ვერ ჩავლენ და ჩვენთან მათი ერთი პროცენტიც რომ წამოვიდეს, ეს დამსვენებლთა ნაკადის ორმაგ ზრდას გამოიწვევს. ნუთუ ამ 4 მილიონიდან მეოთხედს მაინც არ ექნება იმის რესურსი, რომ იმოგზაუროს?

არანაკლებ საყურადღებოა რუსული ბაზარიც: იმის შემდეგ, რაც რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ამ ქვეყნიდან შემოსული სტუმრების ნაკადი თანდათან იზრდება. რუსეთი დიდი ქვეყანაა, ამიტომ, მასზე ყოველთვის უნდა გავაკეთოთ გათვლა. ჩვენ ხშირად ვაწყობთ პრესტურებს და ვმასპინძლობთ ჟურნალისტებს რუსეთიდან. მილიონიან რუსულ გამოცემებში რეკლამის დაბეჭდვა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ, ჩვენი პრესტურების საშუალებით ვცდილობთ ამ ქვეყანაში ქართულ კურორტებს რეკლამა გავუწიოთ. ასე რომ, ჩვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მარკეტინგულ ღონისძიებებს ატარებს როგორც უკრაინულ, ასევე რუსულ ბაზარზე. სულ ბოლოს კი გეტყვით, რომ ზაფხულის სეზონის გახსნას 31 მაისს ვგეგმავთ. ამასთან დაკავშირებით სერიოზული ღინისძიებები გაიმართება ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ - საქართველოს რეგიონებში.

ხათუნა ჩიგოგიძე