„რეზონანსი" - მეწარმეები ადასტურებენ, რომ დენის გაძვირებისთანავე პროდუქციას გააძვირებენ

დენის გადასახადის გაძვირების შემთხვევაში ფასის ზრდა მოსალოდნელია მრეწველობის ყველა იმ დარგში, რომლის საწარმოო პროცესში ელექტროენერგიის წილი მნიშვნელოვანია.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ტარიფთან დაკავშირებული განხილვა დღეიდან იწყება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მოსალოდნელია, რომ გადასახადი მოიმატებს, რაც ენერგეტიკის სამინისტრომ ამ რამდენიმე დღის წინ, ფაქტობრივად, დაადასტურა.

დენის გაძვირების შემდეგ, პირველ რიგში, წყლის ტარიფი მოიმატებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ცხოვრება კიდევ უფრო გართულდება. თითქმის არ რჩება სამომხმარებლო ბაზრის ისეთი მიმართულება, სადაც ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში ფასი შენარჩუნდება. ასეთი გამონაკლისი არის პურის ღირებულება, რაც, სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება.

სამაგიეროდ, ფასების ზრდაზე უკვე ალაპარაკდნენ საცხობებში, სასაწყობო მეურნეობებსა და გადამამუშავებელ ქარხნებში. ამ ბიზნესის წარმომადგენლები უყოყმანოდ საუბრობენ პროდუქტის გაძვირების შესახებ.

ორგანიზაცია "ჯეოარ პლუსი" სამგორის რაიონში ავეჯის საწარმოსა და სასათბურე მეურნეობას ფლობს. კომპანიის ხელმძღვანელი პაატა რაჭველიშვილი ამბობს, რომ დენის გაძვირების შემთხვევაში ფასის ზრდა მოუწევს, რაც საწარმოს საქმიანობაზე დიდად არ აისახება, მაგრამ მომხმარებელს დააზარალებს.

"დღესდღეობით ნებისმიერი წარმოება დენის კომპონენტის გარეშე წარმოუდგენელია. გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულებაში იგი გარკვეულ ადგილს იკავებს და მცირე სატარიფო ცვლილებაც კი ფასზე გავლენას ახდენს. ჩვენი საწარმო 5000 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს თვეში. რამდენი პროცენტითაც მოიმატებს გადასახადი, ჩვენც იმავე მაჩვენებლით გავზრდით ფასს. გაძვირება მოგვიწევს როგორც ავეჯზე, ასევე სასათბურე მეურნეობაში წარმოებულ პროდუქტზეც.

სიმართლე გითხრათ, წარმოებისთვის ეს არ არის დიდი ხარჯი, მაგრამ საკმაოდ მძიმე ტვირთია მომხმარებლისთვის. ყველაზე მეტად ამას სწორედ ხელმოკლე ადამიანები იგრძნობენ. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რეალურად ასეა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" რაჭველიშვილმა.

საკონდიტრო ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დენის ტარიფის ზრდა გააძვირებს წარმოებას და იმპორტირებული პროდუქციის იმ ნაწილს, რომლის შენახვა დენის მოხმარებას უკავშირდება. ასეთი კი კვების სფეროს თითქმის ყველა მიმართულებაა. ამდენად, როგორც მეწარმეები ამბობენ, დენის გაძვირება სამომხმარებლო ბაზრისთვის მტკივნეული პროცესი იქნება.

საკონდიტრო ბიზნესის წარმომადგენელთა თქმით, კომუნალური ხარჯი, რასაც შეიძლება ნედლეულის გაძვირებაც დაერთოს, საკონდიტრო ნაწარმის ფასზეც აისახება. კომპანია "დოდის" წარმომადგენელი შიშობს, რომ საფასო ცვლილება რეალიზაციაზე ცუდად იმოქმედებს.

"რაც უნდა ვეცადოთ ფასის დაჭერა, წარმოუდგენელია, რადგან გაზრდილ ხარჯს ვერაფერს დავუპირისპირებთ. ინფორმაცია არ მაქვს და არ ვიცი მოსალოდნელ ცვლილებაზე, მაგრამ გადასახადში მცირე სხვაობაც კი ჩვენს საქმიანობაზე მტკივნეულად აისახება. გაგვიძვირდება არა მარტო კომუნალური გადასახადი, არამედ ნედლეულიც, რის გამოც ამჟამინდელი ფასის შენარჩუნებას ვერაფრით შევძლებთ. საბოლოო ჯამში, მომხმარებლისთვისაც პრობლემა იქნება და ჩვენთვისაც", - აცხადებენ კომპანიაში.

ინდმეწარმე გიორგი გურიელიძე ადასტურებს, რომ დენის გაძვირების გამო მომსახურების ფასის გადახედვა მოუწევს. იგი თბილისის გარეუბანში კაფე-ბარის მფლობელია.

"ელექტროენერგიას აქტიურად მოვიხმართ, ამიტომ ახალი გადასახადის პირობებში ხარჯი მნიშვნელოვნად გაგვეზრდება. დასანანია, რომ თბილისელი მომხმარებლებისთვის ტარიფის შენარჩუნება ვერ ხერხდება. ცხადია, ჩვენც გაგვიძვირდება ყველაფერი, პროდუქტიც კი, რომელსაც ისედაც მაღალ ფასში ვყიდულობთ. წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს, ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით", - ამბობს გიორგი გურიელიძე.

ტარიფის ზრდის შემთხვევაში მწარმოებლების ნაწილს სამეწარმეო ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზრდება, რაც საბოლოოდ პროდუქტის ფასზეც აისახება.

"პატარძეულის მეფრინველეობის" დირექტორ ოთარ მუჩიაშვილის ინფორმაციით, როგორც კი გადასახადი გაძვირდება, საფასო პოლიტიკაც გადაიხედება, რაც ბიზნესსაც დააზარალებს და მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას გამოიწვევს.

"საწვავის ფასიდან დაწყებული, გაძვირდა აბსოლუტურად ყველაფერი, ერთადერთი დენის გადასახადი დარჩა და უკვე ისიც მოიმატებს. ასეთ შემთხვევაში პროდუქტი დაახლოებით 30%-ით გაგვიძვირდება. აქ არ არის მხოლოდ გადასახადზე საუბარი, სავალუტო კრიზისის გამო ისედაც ძვირის გადახდა გვიწევს, ფაქტობრივად, გაორმაგებული ფასით ვყიდულობთ ნედლეულს უცხოეთში. ცალკე საკრედიტო ხარჯიც მაღალია.

ხალხის საკეთილდღეოდ არაფერი შეიცვლება. თუ პროდუქტის ფასი მოიმატებს, ვშიშობ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კიდევ უფრო გაღარიბდება. ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია და ახლა განსაკუთრებით საშიში გახდა. ლარის დევალვაციიდან გამომდინარე, სატარიფო ცვლილება მოულოდნელი არ არის, თუმცა ძალიან შეგვაშფოთა. საუბარი არ არის მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე, სავარაუდოდ, აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდება. ვფიქრობ, რეალიზაცია გაგვიჭირდება, საკმაოდ რთულ პრობლემას შევეჯახეთ", - ამბობს ოთარ მუჩიაშვილი.

ბუნებრივია, რომ მოსახლეობის მხრიდან დიდ ინტერესს პურის ფასი იწვევს, თუმცა, როგორც მწარმოებლები ამბობენ, პური სოციალური პროდუქტია და მის გაძვირებას უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი ერიდებიან. ასე რომ, ელექტროენერგიის ტარიფის მატება ამჯერად პურპროდუქტების ღირებულებაზე არ იმოქმედებს.

ავტორი მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"