Wall Street-ის ანალიტიკოსის აზრით, კომპანია Microsoft-ის ღირებულება 2020 წლისთვის 1 ტრილიონი დოლარი იქნება.
კირკ მატერნის ანალიზით, ტექნოლოგიური კომპანია ამ ნიშნულს მისი „ქლაუდ“ ბიზნესის Azure-ის მიმართ დიდი ინტერესისა და მისი განვითარების ტემპის ფონზე ხედავს.
დღეისათვის Microsoft-ის ღირებულება 650 მილიარდი დოლარია და მატერნის ნიშნულამდე მისაღწევად მას 55%-იანი ზრდა სჭირდება, თუმცა ამას დიდი დრო ნამდვილად არ დასჭირდება თუ კომპანია ზრდის არსებულ ტემპს შეინარჩუნებს. მიმდინარე წელს კომპანიამ 35%-იანი ზრდა დააფიქსირა, ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში 200%-ით არის გაზრდილი, ეს კი უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე მის მთავარ კონკურენტ Apple-სა და Google-ის მფლობელ კომპანია Alphabet-ს აქვთ.
ამავე კვლევაში მატერნი არ ასახელებს Apple-ის პროგნოზს, რომელიც არსებული მონაცემებით 870 მილიარდი დოლარი ღირს და არც Alphabet-ზე საუბრობს, რომლის საბაზრო ღირებულება 725 მილიარდი დოლარია. შესაბამისად, მათ ბევრად ადრე შეუძლიათ ტრილიონიან ნიშნულს მიაღწიონ. ანალიტიკოსი ასევე არ გამორიცხავს კომპანია Amazon-ის მნიშვნელოვან ზრდას, რომელიც Microsoft-ის Azure-ის კონკურენტ ქლაუდ სერვისს Amazon Web Services-ს ფლობს და რომლის მიმართაც ინტერესი ასევე გაზრდილია. თავად „ამაზონის“ საბაზრო ღირებულება კი ამ დროისთვის 560 მილიარდი დოლარია.
ტექნოლოგიების გლობალურ ბაზარზე ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების გარდა ზრდას და განვითარების პერსპექტივას ინარჩუნებენ სხვა კომპანიებიც, მათ შორის Facebook, რომელიც 500 მილიარდი დოლარი ღირს და ჩინური კომპანიები Tencent და Alibaba, რომლებიც ახლოს დგანან 500 მილიარდიან ზღვართან.
კოკა კვირკველია