ჩვენ გაგვეზარდა შესასყიდი ელექტროენერგიის საფასური, შესაძლოა იყოს საუბარი იმაზე, რომ ეს აისახოს ტარიფში , - ამის შესახებ "ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა სემეკის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" სემეკში წარადგენს დისტრიბუციის დარგში სამწლიან საინვესტიციო გეგმას, რომელიც დაახლოებით, 230 მილიონი ლარის ინვესტიციას გულისხმობს. ასევე გენერაციის დარგში ორწლიან გეგმას, რომელიც დაახლოებით, 44 მილიონი ლარის ინვესტიციას გულისხმობს.
"თუმცა, აქ არის მეორე საკითხი - კომპანიას ბევრი მიმართულებით გაეზარდა ხარჯები, თუმცა მთავარი აქ არის ის, რომ ჩვენ გაგვეზარდა შესასყიდი ელექტროენერგიის საფასური. ანუ ჩვენ ვყიდულობთ ელექტროენერგიას, რომ შემდეგ აბონენტებამდე მივიტანოთ, სწორედ ეს შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა, შესაძლოა იყოს საუბარი იმაზე, რომ ეს აისახოს ტარიფში, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, სემეკის დასათვლელი და გადასაწყვეტია. არსებობს სხვა კომპონენტები, რომელიც შეიძლება დაბალანსდეს. ეს უკვე სემეკმა უნდა გადაწყვიტოს", - განაცხადა დვალიშვილმა.
მისივე თქმით, ეს ზრდა განპირობებულია ლარის კურსის მერყეობით.