უკრაინის ეკონომიკა კითხვებსა და პასუხებში

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის 17.1 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა გამოყო.

თანხას ქვეყანა ეტაპობრივად, 2 წლის განმავლობაში მიიღებს. 3,2 მლრდ დოლარის მოცულობის პირველ ტრანშს უკრაინა დაუყოვნებლივ მიიღებს.

ეს ფინანსური დახმარება უკრაინას გზას უხსნის სხვა დონორებისკენ - მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის, კანადის და იაპონიისკენ. დონორები უკრაინას დაპირდნენ, რომ ქვეყანას მთლიანობაში 15 მლრდ დოლარით დაეხმარებოდნენ.

ქაოსის პერიოდი ქვეყანას იაფი არ დაუჯდება, როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 3%-ით შემცირდება, ხოლო საერთაშორისო დახმარებების გარეშე ეს რიცხვი 10%-მდე გაიზრდებოდა.

თუმცა, ამ დახმარების საფასური დიდი იქნება -  კომუნალურ გადასახადებზე ფასების მატება და ხელფასების გაყინვა.

რა მდგომარეობაშია უკრაინის ეკონომიკა?

მოკლედ თუ ვიტყვით, ქვეყანას დიდი ვალები აქვს. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში, დავალიანებების გასასტუმრებლად ქვეყანას 35 მლრდ დოლარი სჭირდება. ამ თანხას უკრაინა ახალი აღებული ვალებით გადაიხდის. "გაზპრომთან" უკრაინას 1.9 მლრდ დოლარის დავალიანება დაუგროვდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, უკრაინის ეკომონიკა 2013 წელს 0.3%-ით შემცირდა. მიმდინარე წელს კი უკრაინის ეკონომიკაზე კიევის მრავალრიცხოვანი აქციების შედეგები აისახება.

გარდა ამისა, ახალმა ხელისუფლებამ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი კაბინეტი მილიარდების მიტაცებაში დაადანაშაულა.

უკრაინული გრივნა მხოლოდ თებერვალში თითქმის 20%-ით გაიაფდა. ახლა ერთ დოლარში 11 გრივნას იძლევიან, მაშინ როდესაც იანვარში ერთი დოლარი 8 გრივნა იყო.

ეკონომიკა დიდი წვალებით რეცესიიდან გამოდის, რასაც ხელს არ უწყობს ქვეყნიდან კაპიტალის მასობრივი გადინება - შეწუხებულ ინვესტორებს უკრაინიდან თავიანთი თანხები გააქვთ.

ქვეყნის სავალუტო რეზერვები კი გრივნის კურსის შენარჩუნებაზე იხარჯება.

რას იძლევა საერთაშორისო დახმარება

რამდენიმე თვის წინ უკრაინას ჰქონდა რეალური შესაძლებლობა რუსეთისგან 15 მლრდ დოლარი მიეღო. თუმცა ეს იყო მანამდე, ვიდრე მოსკოვის მხარდამჭერი უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ხელისუფლებას ჩამოშორდებოდა.

ახლა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო სპონსორები აგროვებენ 32.1 მლრდ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტს, რათა თავიდან იქნეს არიდებული უკრაინის დეფოლტი.

თუმცა, უკრაინისთვის გამოყოფილი სახსრები ეფუძნება მკაცრ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელიც გადასახადებზე და ენერგომატარებლებზე ფასის გაზრდას ითვალისწინებს.

ხელისუფლებამ უკვე გაყინა საარსებო მინიმუმი და გაზის საფასური 50% -ით გაზარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინას მსოფლიო სავალუტო ფონდთან ცუდი ურთიერთობა აქვს - ქვეყნის ხელისუფლებამ ვერ შეძლო პირობების შესრულება, რომელიც 2008 და 2010 წლებში ფინანსური დახმარების სანაცვლოდ გასცა.

როგორ არის უკრაინის ეკონომიკა მოწყობილი?

უკრაინამ საბჭოთა დროის კორუფციისა და უყაირათობის დაძლევაში დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია. ამჟამად უკრაინის მშპ 1992 წლის მაჩვენებელზე დაბალია. მაშინ პოლონეთისა და უკრაინის ეკონომიკის მოცულობა თითქმის ტოლი იყო. ამჟამად კი პოლონეთის მშპ უკრაინის მშპ-ზე ორჯერ მეტია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გასულ წელს უკრაინის მშპ 0.3%-ით შემცირდა. 2012 -ში ზრდა იყო, თუმცა მიზერული.

უკრაინაში, განსაკუთრებით დონბასში, განვითარებულია ქვანახშირის მოპოვება. ქვეყანას ძველი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი მძიმე მრეწველობა გააჩნია. მრეწველობის ბევრი დარგი დიდი მოცულობით ენერგიას მოიხმარს და ამჟამად მდგომარეობას გაზის შესყიდვისას სუფსიდირებით ინარჩუნებს.

უკრაინის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოფლის მეურნეობაც. აქ სათესი მიწა იმაზე მეტია, ვიდრე ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის და მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. ხორბლის მსოფლიო ბაზარზე ფასმა 20%-ით იმატა, რაც დიდწილად განპირობებულია უკრაინაში არსებული არასტაბილურობის გამო ტრეიდერების შეშფოთებით.

არ უნდა დავივიწყოთ ჩრდილოვანი ეკონომიკის შესახებაც - "შავი" ხელფასების, კორუფციისა და კრიმინალური ბიზნესის გათვალისწინებით. 2013 წელს უკრაინამ 177 ქვეყნიდან 144-ე ადგილი დაიკავა კორუმპირებულობის რეიტინგში, რომელიც Transparency International-მა შეადგინა.

ქვეყანაში ბიზნესი და პოლიტიკა მჭიდროდაა დაკავშირებული. რინატ ახმეტოვი, რომელიც უკრაინის უმდიდრესი ადამიანია, უმაღლესი რადას დეპუტატი იყო და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს უჭერდა მხარს. მის მიერ კონტროლირებადი კომპანიები კი სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ.

რას აკეთებს უკრაინის ახალი ხელისუფლება?

ცოტა ხნის წინ, კომუნალურ გადასახადებზე ფასების მომატებამდე, უკრაინელები იმპორტირებული გაზის საფასურის მხოლოდ მეოთხედს იხდიდნენ. ტარიფების მომატება უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოსთხოვა. ეს ზომა საკმაოდ არაპოპულარულია და თავის დროზე იანუკოვიჩი ამაზე არ წავიდა.

გარდა ამისა, გაიყინება საარსებო მინიმუმი, გადასახადები მოიმატებს, ხოლო საჯარო მოხელეების 10% სამსახურს დაკარგავს. მუშავდება კორუფციასთან და ბიუროკრატიასთან ბრძოლის გეგმები.

ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდს სურს, რომ გრივნის კურსი დოლართან მიმართებაში უფრო თავისუფლად იცვლებოდეს.

თუმცა, ხელისუფლების წინაშე სერიოზული პრობლემა დგას - თუკი რეფორმები მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეული იქნება, მაშინ პროტესტის მონაწილეები, რომლებმაც ერთი მთავრობა ჩამოაგდეს, შესაძლოა, ისევ ქუჩაში დაბრუნდნენ. როგორც მაგალითად, ეს ეგვიპტეში მოხდა.

რა გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე რუსეთთან კონფლიქტი?

რუსეთთან კონფლიქტის გამო უკრაინამ უკვე დაკარგა ყირიმი. კონფლიქტმა ისიც გამოიწვია, რომ გაზზე საფასური აიწევს.

რუსეთი უკრაინას სუფსიდირებულ გაზს, სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზის იჯარის სანაცვლოდ აწვდიდა. ახლა, როდესაც რუსეთმა უკრაინის ანექსია განახორციელა, "გაზპრომი" უკრაინისთვის დაწესებულ 30 პროცენტიან შეღავათს აუქმებს.

მეორე მხრივ, ყირიმის დაკარგვა, უკრაინის ბიუჯეტის ტვირთს რამდენადმე ამცირებს, რადგან ყირიმის ბიუჯეტის 2/3-ი კიევიდან ივსებოდა.

ახალი ხელისუფლების თქმით, თუკი რუსეთი სავაჭრო შეზღუდვებს დააწესებს, რომლითაც ის იმუქრებოდა, მაშინ უკრაინის ეკონომიკის ზრდა, შესაძლოა, კიდევ ერთი პროცენტული პუნქტით შეფერხდეს.

ამავდროულად, უკრაინის საზღვარზე განლაგებული არიან რუსი სამხედროები, რაც დაძაბულობას ამძაფრებს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რუსეთი არ გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას, თავად დამატებითი არასტაბილურობის შესაძლებლობა, უკრაინის ეკონომიკას არაფერ კარგს არ პირდება.

ხატია ლუტიძე