ნახევარი მილიონი ლარი სახელმწიფო ენის დეპარტამენტისთვის

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელსაც გიორგი ალიბეგაშვილი უხელმძღვანელებს, 2018 წლის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარით დაფინანსდება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღნიშნულ დეპარტამენტში მომუშავეთა რიცხოვნობა 15 კაცის შემადგენლობით არის განსაზღვრული. ამასთან, 500 ათასი ლარიდან 400 ათასი ლარი სწორედ შრომის ანაზღაურებაზეა გამოყოფილი.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა, 1-ელი იანვრისთვის ენის დეპარტამენტი სტუქტურულად ჩამოყალიბებული იქნება და უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.

”გასულ კვირას მინისტრთა კაბინეტმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შესახებ დებულება მიიღო. დებულებით დეპარტამენტის სამსახურები განისაზღვრა. ამ სამსახურებში კონკრეტული თანამდებობის პირები შედიან, რომელთაც უფლებამოსილებების შესრულება დაევალებათ. ეს სტრუქტურული ერთეულებია: - სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ზედამხედველობის სამსახური, სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური, ადმინისტრაციული სამსახური, სამართლებრივი უზრუნველყოფის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. მონახაზში 15 კაცი გვყავდა, თუმცა საშტატო განრიგს და საშტატო სტრუქტურას თანდათანობით დავხვეწავთ, რომ კიდევ უფრო მობილური და მაქსიმალურად მისადაგებული იყოს თითოეული თანამშრომლის საქმიანობა და პრობლემაზე მუშაობის მიმართულებები. დეპარტამენტს აუცილებლად დასჭირდება სხვადასხვა რაიონში - განსაკუთრებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში მივლინებები. გარდა ამისა, მოსაგვარებელია ვიზუალი მაგალითად, ბათუმში - ვგულისხმობ წარწერებს, რადგან ძალიან ხშირად არამხოლოდ უცხოელი პარტნიორები, არამედ ჩვენი თანამემამულეებიც სცოდავენ. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ეს ერთიან ფორმატში მოვაქციოთ. ჩვენი ამოცანა პროგრამებზე მუშაობა იქნება - ჩვენ ჩვენს თანამემამულეებს ქართულ ენას ვასწავლით, მაგრამ პროგრამები, რომლითაც ვასწავლით ხშირად არ არის კოორდინირებული და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელს სხვადასხვა მოთხოვნები აქვს. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირდაპირი სწავლება - წამოვიდა უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტების შვილებისა და შვილიშვილების თაობები, რომელთაც სამწუხაროდ, ქართულ ენასა და კულტურაზე წარმოდგენა არა აქვთ. ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულება იქნება მათაც დავეხმაროთ და გავუღვიოთ ქართული ენის სახელმწიფოებრიობის შეგრძნება. ასევე მინდა გითხრათ, რომ ბოლო ხანებში ქართული ენით დაინტერესებას არა მხოლოდ ჩვენი თანამემამულე ემიგრანტები იჩენენ, არამედ უცხოელებსაც გაუჩნდათ ქართული ენისა და კულტურის შესწავლის სურვილი. ასევე ჩვენი მიზანი იქნება, აღვადგინოთ ევროპული სკოლები და ქართველოლოგია ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის რაც შეიძლება საინტერესო გავხადოთ. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აფხაზური ენის სწავლებას და მის პოპულარიზაციას - ამ მიმართულებით აფხაზებთან ინტენსიური კავშირების დამყარებას ვაპირებთ”, - განუცხადა ალიბეგაშვილმა ”ინტერპრესნიუსს”.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, კავშირი ექნება მედია-საშუალებებთან.

”თქვენ, ჟურნალისტებს ძალიან დიდი როლი გენიჭებათ ქართული ენის სიწმინდის დაცვაში. განსაკუთრებით ბავშვები განიცდიან მეტყველების დეფიციტს”, - აღნიშნა ალიბეგაშვილმა.