სემეკის მიერ წლის ბოლოს დადგენილი სამომხმარებლო ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2020 წლის ბოლომდე იქნება.
ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ განაცხადა.
"ის ტარიფი, რომელსაც ჩვენ წლის ბოლოსთვის დავადგენთ, ძალაში იქნება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2020 წლის ბოლომდე ანუ კომისია ყოველწლიურ რეჟიმში აღარ განახორციელებს ტარიფების გადათვლას. დადგენილ 3-წლიან ტარიფებს ერთადერთ შემთხვევაში მივუბრუნდებით, თუ მოხდა იმ მოცულობების არსებითი ცვლილება, რომელსაც ჩვენ დავეყრდნობით ტარიფების დადგენისას", - განაცხადა მილორავამ.
კითხვაზე, დღეის მოცემულობით, შესაძლებელია თუ არა სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება, ირინა მილორავას განცხადებით, დღეს ამის თქმა შეუძლებელია, ვინაიდან დღეს განხილული კომპანიების საინვესტიციო გეგმები ტარიფის მხოლოდ ერთი ნაწილია.
"ინვესტიციები განსაზღვრავს კაპიტალური დანახარჯების ოდენობას. ამის მიღმა ტარიფში ასევე არის საოპერაციო დანახარჯები, ეს გახლავთ ხელფასები, მიმდინარე რემონტები, დაზღვევა, იჯარა, საკომუნიკაციო ხარჯები და ა.შ. ამიტომ ამ ნაწილში ახლაც მიმდინარეობს მუშაობა კომისიის აპარატში. შესაბამისად, როდესაც ეს ორივე ხარჯი დაზუსტდება, შესაძლებელი გახდება კონკრეტული კომპანიებისთვის ტარიფის დადგენა. ჩვენ კვირის ბოლოდან უკვე ვიწყებთ ტარიფების დადგენას. პირველი საკითხი არის ჰიდროელექტროსადგურებისთვის ტარიფების დადგენა, შემდეგ იქნება გადაცემის ლიცენზიანტებისთვის განაწილების ტარფები და საბოლოო შემაჯამებელი სხდომები იქნება თვის ბოლოსთვის, რომელზეც მიღებული ტარიფების გათვალისწინებით შედგება სამომხმარებლო ტარიფი", - განაცხადა მილორავამ.