დოლარი ფედრეზერვის გადაწყვეტილების მოლოდინშია

ფედრეზერვის დეკემბრის სხდომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, დოლარის ინდექსი ოდნავ შემცირდა.

ფედრეზერვი წელს ბოლო სხდომას გამართავს, რომელზეც დიდი ალბათობით დოლარზე საპროცენტო განაკვეთს (წელს მესამედ) აწევს. ამ მოლოდინში, ინვესტორები სიფრთხილეს იჩენენ. შესაბამისად, სავალუტო ბაზარზე აქტივობა შემცირებულია.

ფედრეზერვი თავის გადაწყვეტილებას ხვალ ღამით (თბილისის დროით) გამოაქვეყნებს. ამას წინ უძღვის აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშის გამოქვეყნება. იმ სიტუაციაში, როცა დოლარის განაკვეთის აწევას ყველა ელის, მთავარ საკითხად, ფედრეზერვის სამომავლო გეგმები რჩება. კერძოდ ის, თუ რა ტემპით აპირებს ცენტრალური ბანკი განაკვეთის ზრდას.

ამ მიმართულებით, მთავარი კრიტერიუმი ინფლაციის ზრდის ტემპია, რაც მეტწილად განსაზღვრავს ფედრეზერვის მონეტარულ პოლიტიკას. დღეს ამერიკის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გამოქვეყნდება, ხვალ კი სამომხმარებლო ფასების ინდექსს შევიტყობთ.

ამ მოლოდინში, დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს ყველაზე წონიან ვალუტასთან ამერიკული დოლარის საშუალო კურსს ასახავს 0.13 პროცენტით, 93.82-მდე შემცირდა.

პარალელურად, წლის ბოლო შეხვედრებს ამ კვირაში მართავენ ინგლისის და ევროპის ცენტრალური ბანკები. თუმცა დოლარისგან განსხვავებით, სტერლინგსა და ევროზე განაკვეთის შეცვლა მოსალოდნელი არ არის.

დოლართან მიმართებით ევრო მცირედით (მხოლოდ 0.08 პროცენტით) გაიზარდა და 1.1777 დოლარს მიაღწია. მცირე რყევაა სტერლინგის და დოლარის წყვილზე - 1 გირვანქა სტერლინგი ჯერ 1.3310 დოლარამდე შემცირდა, შემდეგ კი დანაკარგები თითქმის ბოლომდე აინაზღაურა და ამჟამად 1.3360-ის სიახლოვესაა.

სუსტი მოძრაობაა იენთან და შვეიცარიულ ფრანკთან დოლარის წყვილებში. ამ მომენტისთვის ერთი დოლარი 113.44 იენის და 0.9896 ფრანკის ფარგლებშია. გაიზარდა ავსტრალიური და ახალი ზელანდიის დოლარის კურსები, შემცირდა კანადური დოლარის კურსი.

მერაბ ლორთქიფანიძე