ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება

შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, დღეს გახდება ცნობილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 25 ოქტომბერს ჩატარდა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 7.0 %-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და მომავალი წლის დასაწყისში, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, სამპროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ამასთანავე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაციური მოლოდინები არ შეცვლილა და ფასების ზრდაზე დამატებით ზეწოლას არ ქმნის. აქედან გამომდინარე, მონეტარულმა პოლიტიკის კომიტეტმა პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება გადაწყვიტა. მათივე განმარტებით, თუკი არ წარმოიშვება დამატებითი შოკები, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება და მის ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება.

სებ-ის ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შედეგად, ასევე უცვლელი დარჩა პროცენტი იმ სესხებზე, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე არიან მიბმულები. „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2017 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, 31523 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვალათ.