ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს მიერ არის წარმოდგენილი, ითვალისწინებს ყველა იმ პროექტსა და პროგრამას, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი მხრიდან ჟღერდებოდა , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
„დედაქალაქის მოსახლეობამ მე მხარი დამიჭირა იმ პროგრამით, რომელიც მქონდა წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი. მთელი ორი თვის განმავლობაში ვატარებდი საარჩევნო კამპანიას, ვუხსნიდი დედაქალაქის მოსახლეობას, თუ რის გაკეთებას ვაპირებდი ოთხი წლის განმავლობაში. შესაბამისად, მე ვალდებული ვარ, ჩემი დანაპირები შევასრულო. ბიუჯეტი, რომელიც არის ჩვენს მიერ წარმოდგენილი ითვალისწინებს ყველა იმ პროექტსა და პროგრამას, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი მხრიდან ჟღერდებოდა. შესაბამისად, ამ პროექტებს ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძე სოციალური მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მთავარია სამუშაო ადგილების შექმნა ადამიანებისთვის და არა სოციალური მიმართულებით ყოველწლიურად ბიუჯეტის გაზრდა.
„რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანია ვისაც სჭირდება დახმარება და ხელის შეწყობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი გაიზარდოს. პირიქით, ჩვენ მეტი ეკონომიკურად საინტერესო პროექტი, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განვახორციელოთ, რათა სამუშაო ადგილები შეიქმნას და არა ვიღაც დაჯდეს სახლში და დაელოდოს, რომ სახელმწიფო დაეხმარება. ეს მიდგომა არასწორია. მთავარია სამუშაო ადგილების შექმნა, ესაა ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყანაში“, - განაცხადა კალაძემ.