თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი უფასო სასადილოების ბიუჯეტის შემცირებას არ ადასტურებს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 16 500 000 ლარს შეადგენს, თუმცა კვებასთან დაკავშირებული პრობლემის შექმნის შემთხვევაში, დამატებითი თანხები გამოიყოფა.
„არანაირი ბიუჯეტი არ შემცირებულა. ეს არის სპეკულაცია, მორიგი სიცრუე ოპოზიციის მხრიდან. 16 მილიონ 500 ათასი არის სოციალური მიმართულებით, კონკრეტულად უფასო სასადილოებისთვის. კონკურენცია იყო და ტენდერი ჩატარდა - აბა, რა ვქნათ ახლა, სამი ლარი იყოს და არ იყოს კონკურენცია კომპანიებს შორის?! ეს კონკურენციის შედეგად მიღებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ დავაკვირდებით. რა თქმა უნდა, ყოველთვიურ რეჟიმში იქნება დაკვირვება. თუ რაიმე პრობლემა იქნება კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება დახმარება, იქნება დამატებითი თანხები გამოყოფილი, რადგანაც ეს არიან ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ გუშინ განაცხადა, რომ 11 დეკემბერს დასრულდა უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერი და თბილისის რამდენიმე რაიონში სასადილოების თითოეული ბენეფიციარის მომსახურება 1.18 ლარის ნაცვლად 1.17 ლარით განისაზღვრა, ხოლო გლდანის რაიონში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თბილისის მერიას უფასო სასადილოების თითოეული ბენეფიციარის მომსახურება 1.13 ლარად შესთავაზა.
”ნაციონალური მოძრაობა” კახა კალაძეს მოუწოდებს შეწყვიტოს უფასო სასადილოების ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება და სასადილოების დაფინანსება გაზარდოს.