როგორ დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი?

მზად ხარ, გახდე მეწარმე? ზოგიერთი, სანამ ბიზნესს წამოიწყებდეს, განიცდის, აქვს თუ არა თვისებები, რაც მეწარმეობას სჭირდება. თუ შენც ასე ხარ, შეწყვიტე ნერვიულობა. დარწმუნებული იყავი, რომ თუ გაქვს სურვილი და შემართება, მაშინ შესაძლებლობაც გაქვს, გახდე მეწარმე.

მეწარმის პიროვნება

ყოველ წელიწადს მსოფლიოს მასშტაბით ასიათასობით ადამიანი იწყებს საკუთარ ბიზნესს. მაგრამ მაშინ, როცა უმეტესობა წარმატებას აღწევს, ბევრი მარცხს განიცდის. რატომ? წარუმატებლობის ყველაზე ჩვეული მიზეზი მომზადების არასაკმარისი დონეა.

მეწარმეობის გზაზე ადამიანები სხვადსხვა მიმართულებით მოდიან: ზოგი საკუთარ ბიზნესს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იწყებს, ზოგი ბავშვების აღზრდის ყოველდღიური მოვალეობის შესრულების შემდეგ, ან პენსიაზე გასვლის შემაძრწუნებელი განცდის დაუფლება უბიძგებს, ხელი მოჰკიდოს კერძო მეწარმეობას. თუმცა უმეტესობა მეწარმეობას პირდაპირ სამსახურიდან იწყებს. იოლი ნამდვილად არ არის, მიატოვო სამსახური, სადაც სრული შტატით ხარ დასაქმებული და გარისკო კერძო ბიზნესის დაწყება. ამ შემთხვევაში, მაქსიმალურად დარწმუნებული უნდა იყო, რომ დრო ნამდვილად სათანადოა ბიზნესის წამოსაწყებად. პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ჰკითხო: მაქვს საკმარისი ფული? თუ ოჯახი გაქვს, მზად არიან, შესაბამისად შეხვდნენ შენს წამოწყებას? არის მოთხოვნა იმ პროდუქტზე ან სერვისზე, რის წარმოებასაც აპირებ?

სრული სვლით წინ

ბევრი მეწარმე ამბობს, რომ ბიზნესის წამოწყება მათთვის არა მხოლოდ სურვილი, არამედ საჭიროებაც იყო. გადაწყვიტეს დაეწყოთ, რადგან საქმის გადადება აღარ შეიძლებოდა. ერთი მეწარმე ასეთ რამეს გვირჩევს: მიხვდები, რომ დადგა ის დრო, როცა პატიოსნად განაცხადებ: ”საქმეში უნდა ჩავდო ბინა, სამკაულები და სხვა პირადი ნივთები, რომ მივიღო საწყისი კაპიტალი, რომელიც მჭირდება გრძელვადიან გეგმაზე გათვლილი მოგების მისაღებად”. სახლის ჩადება ბიზნესში რეკომენდირებული არ არის (თუმცა არცთუ ისე ცოტა მეწარმემ, ამ გზით დაიწყო ბიზნესი), მაგრამ გვსურს ყურადღება გაამახვილო იმ ფაქტზე, რომ მაშინ ხარ მზად წამოიწყო საქმე, როცა უკან არაფერზე დაიხევ და გარისკავ.

რა აძლევს მოტივაციას პოტენციურ მეწარმეს, შეწყვიტოს ოცნება ბიზნესის ფლობაზე და რეალურად შეუდგეს საქმეს? ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში, არის სამსახურიდან გამოგდების შიში ან დაწინაურების იმედის არქონა. მრავალი ექსპერტი ეთანხმება, რომ კერძო ბიზნესის წამოწყების ძირითადი მიზეზი სამსახურში იმედგაცრუება ხდება.

(ჩვენს ქვეყანაში მეწარმეობის ტენდენციას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დასაქმების დაბალი დონე. როცა არ არის მოსახლეობის სრული დასაქმების პირობები ან ზოგიერთ სამსახურში ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს შესატყვისი არ არის, ჩვენი ბევრი მოქალაქე ფიქრობს, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები და დაიწყოს რამე სახის კერძო ბიზნესი).

საკუთარი ბიზნესის წამოწყების მიზეზი ხშირად ხდება ადამიანთა სურვილი, თავად აკონტროლონ თავიანთი ბედი. ამ საჭიროებისთვის ზოგიერთი გარისკავს ოჯახით, მომავლით და კარიერით, რათა იყვნენ საკუთარი თავის ბატონ-პატრონები. ამ ინდივიდებს არ შეუძლიათ იყვნენ კმაყოფილები და იგრძნონ თავი ჭეშმარიტად ბედნიერად, როცა სხვისი გულისთვის მუშაობენ, მიჰყვებიან ვიღაცის გეგმას და იღებენ ბრძანებებს უფროსობისგან.

როგორც ვხედავთ, ბიზნესის წამოწყების მიზეზი მრავალნაირია. სავარაუდოდ, აუცილებლად გადაწყვეტ საკუთარი ბიზნესის დაწყებას, როცა შენი საქმიანობის სფეროში რაიმე ბიზნესი მარცხს განიცდის, შენ კი იცი, როგორ შეიძლება მისი სათანადოდ ამუშავება ან შეიძლება სამსახურში არ გაქვს გასაქანი, გამოიყენო შენი შესაძლებლობების სრული პოტენციალი. ბაზარზე არის აშკარა მოთხოვნა იმ პროდუქციასა თუ მომსახურებაზე, რომლის მიწოდებაც შენ შეგიძლია? ხვდები, რომ ახლებურად ან უკეთესად გააკეთო რაიმე საქმე? - მაშინ შენ უკვე გაქვს მოტივაცია, დაიწყო საკუთარი ბიზნესი.

რეალობის გადამოწმება

მაშ შემდეგ, რაც მტკიცე გადაწყვეტილებას მიიღებ, დაიწყო საკუთარი ბიზნესი, აუცილებელია წინასწარ გათვალო ყოველი შემდგომი ნაბიჯი: პირველ რიგში, გჭირდება ბაზრის საფუძვლიანი კვლევა; დარწმუნდი, რომ გაქვს საკმარისი ფული არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, განიხილე გადაწყვეტილება ოჯახთან.

კარგად გაითვალისწინე, რომ ხშირად მცირე ბიზნესი არ გაძლევს საშუალებას, უცბად მიიღო დიდი მოგება. უნდა იყო მიზანსწრაფული, შეუპოვარი, მოთმინებით დაელოდო იმ საზღაურს, რასაც მცირე ბიზნესი დროთა განმავლობაში მოგიტანს.

შენ გჭირდება სათანადო მომზადება იმ პასუხისმგებლობისთვის, რაც თან ახლავს ბიზნესის ფლობას. როცა სიტუაცია უარესდება, კლებულობს შემოსავალიც. არ უნდა მისცე თავს ფუფუნება, საღამოს 5 საათზე წახვიდე შინ, მაშინ, როცა ბინზესი საჭიროებს მმართველის დაუღალავ შრომას, რომ მოაწესრიგოს ქაოსური სიტუაცია. ის, ვისი ერთადერთი სურვილი სწრაფად გამდიდრებაა, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ბიზნესის საკუთრებას.

კვლევებმა აჩვენა, რომ წარმატებულ მეწარმეებს ბევრი საერთო პიროვნული თვისება აქვთ. მათგან ყველაზე გამორჩეულია თვითრწმენა. მათ გააჩნიათ არა მხოლოდ განსაკუთრებული რწმენა საკუთარი თავისა, არამედ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების, თავიანთი იდეების განხორციელების, აარსებენ ბიზნესს და ენდობიან საკუთარ ინტუიციას მთელი საქმიანობის მანძილზე.

მცირე საწარმოები რთულ კონკურენტულ გარემოში იმყოფებიან. ხშირ შემთხვევაში, ამ კონკურენციის ომში იმარჯვებენ ისინი, ვისაც გამორჩეული თვითრწმენა აქვთ.

ძლიერი და სუსტი პიროვნული თვისებები

იშვიათია, ერთი პიროვნება ფლობდეს ყველა იმ თვისებას, რაც აუცილებელია ბიზნესში წარმატების მისაღწევად. ყველას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. მნიშვნელოვანი ის არის, რომ მიხვდე და კარგად გაიაზრო შენი ძლიერი და სუსტი თვისებები. ამისთვის საჭიროა შეაფასო მათი მიღწევები შენს პირადულ და პროფესიულ ცხოვრებაში და უნარ-ჩვევები, რაც გამოიყენე მათი დაგვირგვინებისთვის. ანალიზის დროს შემდეგი გეგმა დაგეხმარება:

შეადგინე პირადი რეზიუმე: ჩამოწერე შენი პირადული და პროფესიული გამოცდილებები. აღწერე, რომელ სამსახურში, რა მოვალეობები და პასუხისმგებლობები გეკისრებოდა და მიანიჭე ხარისხი თითოეულ მიღწეულ წარმატებას. ასევე ჩართე პროფესიული უნარ-ჩვევები, განათლება, ჰობი, მიღწევები, რომელიც პროფესიონალიზმს ან სპეციალურ ცოდნას მოითხოვს.

როცა დაასრულებ, ეს რეზიუმე მოგცემს უკეთეს წარმოდგენას იმაზე, თუ რა ბიზნესის ტიპი შეესაბამება ყველაზე კარგად შენს ინტერესებს და გამოცდილებას.

გაანალიზე პიროვნული თვისებები: ხარ მეგობრული და თვითმოტივირებული? ხარ შრომისმოყვარე და მუყაითი? გამოირჩევი კარგი ორგანიზებულობით?

პირადი თვისებების შეფასება გამოავლენს, თუ რა სახის საქმიანობა მოგწონს, რა სფეროში ხარ ძლიერი და რომელია შენი სუსტი მხარეები. თუ სხვა ადამიანების გარემოცვაში თავს არაკომფორტულად გრძნობ, ხოლო მომავალში შენ მიერ არჩეული ბიზნესი საჭიროებს მყიდველებთან მჭიდრო ურთიერთობას, მსგავსი ტიპის მოთხოვნების საქმიანობა არ იქნება შენთვის შესაფერისი. ან შესაძლებელია, აიყვანო თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს მყიდველთან მომსახურებას, თავად კი გაუძღვები ისეთ საქმეებს, რაც საუკეთესოდ გამოგდის.

გაანალიზე შენი პროფესიული თვისებები, აუცილებელი არ არის, ყველაფერი ხელგეწიფებოდეს. საკმარისია ერთ რომელიმე სფეროში იყო კომპეტენტური. ხოლო დანარჩენი საკითხების მოსაგვარებლად შეიძლება დაგჭირდეს სხვების დახმარება, მაგალითად მარკეტინგის, გაყიდვის, რეკლამირების ან ადმინისტრაციის სფეროში. ყველა ეს ფუნქცია შეაფასე შენი კომპეტენტურობის დონის მიხედვით - საუკეთესო, კარგი, დამაკმაყოფილებელი, ცუდი. პროფესიული თვისებების ანალიზი დაგეხმარება, იპოვნო საწარმოს მართვის ყველაზე ოპტიმალური გზა.