"მოვალეთა რეესტრში" რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა იზრდება

"მოვალეთა რეესტრში" რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს 3 მაისის მონაცემებით, რეესტრში 118 000-მდე პირია რეგიტრირებული. 2012 წლის დასაწყისისთვის ეს მაჩვენებელი 70 000-ს აღწევდა. მიმდინარე წლის აპრილში რეესტრში 116 000 პირი იყო რეგისტრირებული.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, რომ რეესტრის მონაცემები, მასში ახალი პირების რეგისტრაციისა და მოვალეების რეესტრიდან ამორიცხვის შედეგად, სწრაფად იცვლება.

აღსრულების კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, მოვალეთა რეესტრი 2010 წლის იანვრიდან ამოქმედდა. რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი (სახელმწიფო ხელისუფლების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალის გარდა), რომლის მიმართაც 2010 წლის 1 იანვრიდან იძულებითი სააღსრულებო საქმისწარმოება მიმდინარეობს.