ქარ-შეარინგი, ანუ ავტომობილების გაზიარება - ასე ჰქვია ბიზნესის ახალ სქემას, რომელიც სწრაფად მკვიდრდება მსოფლიოს დიდ ქალაქებში. მოგების გარდა, მისი მიზანი ისიცაა, რომ ქალაქებში ავტომობილების რიცხვი, მათი სადგომებისთვის საჭირო ადგილი შემცირდეს და ამით, ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ახლახან ასეთი ქალაქების რიცხვს სინგაპურიც შეუერთდა. ქალაქ-სახელმწიფოში, რომელიც აღმოსავლეთის სამყაროს ერთ-ერთ ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს, ახალ სერვისს კომპანია „ბლუ SG“ განახორციელებს, რომელსაც ნაწილობრივ ფრანგული ჯგუფი „ბოლორე“ ფლობს. კომპანია მომხმარებლებს საზიარო ელექტრომობილებით სარგებლობას სთავაზობს.
სინგაპურის ხელისუფლებამ ოქტომბერში გამოაცხადა, რომ თებერვლიდან მის ტერიტორიაზე ავტომობილების რიცხვის ზრდას აღარ დაუშვებს. სამაგიეროდ, იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. პარალელურად, ხელისუფლება ხელს უწყობს იმ კომპანიებს, რომლებსაც ავტონომიური ტექნოლოგიებით ეკიპირებული ავტომობილების რეალურ პირობებში ტესტირება სურთ.
რაც შეეხება „ბოლორეს“, ის ქარ-შეარინგის (ავტომობილების გაზიარება) ქსელს მსოფლიოს რამდენიმე დიდ ქალაქში ფლობს. მათ შორისაა პარიზი, ბორდო და ლიონი საფრანგეთში, ლოს ანჯელესი და ინდიანაპოლისი შეერთებულ შტატებში და ტურინი იტალიაში.
სინგაპურში „ბლუ SG-იმ“ მუშაობა 80 ელექტრომობილით და 32 დასამუხტი სადგური/სადგომით დაიწყო. შემდგომში ავტომობილების რიცხვი 1 000-მდე, დასამუხტი სადგურების რიცხვი კი 500-მდე გაიზრდება. „ბლუ SG“ ირწმუნება, რომ მალე სინგაპურში, პარიზის შემდეგ, მსოფლიოში ელექტრომობილების გაზიარების მეორე უდიდესი პროგრამა იმუშავებს. პროგრამას ნაწილობრივ სინგაპურის ხელისუფლება აფინანსებს.
„ბლუ SG-ს“ ქარ-შეარინგის პროგრამაში მხოლოდ „ბოლორეს“ ელექტრომობილი „ბოლორე ბლუ ქარ“ იმუშავებს, რომელიც ატელიე „პინინფარინას“ მიერ არის შემუშავებული. ესაა პატარა ორკარიანი ჰეჩბეკი, რომელსაც ოთხი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ავტომობილი აღჭურვილია ლითიუმ-მეტალ პოლიმერული ელემენტების ბლოკით, რომლის ტევადობა 30 კილოვატსაათია. ეს კი ერთი სრული დამუხტვით, 200 კილომეტრის გავლის საშუალებას იძლევა.
მომხმარებლებს ორი სახის სერვისს შესთავაზებენ. ერთ შემთხვევაში, მათ სერვისის წლიური გამოწერა შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, ყოველ წუთში 0.33 სინგაპურული დოლარის (0.24 აშშ დოლარი) გადახდა მოუწევთ. წლიური გამოწერის თანხა მხოლოდ 15 სინგაპურული დოლარია. თუ მომხმრებელი წლიური გამოწერით არ სარგებლობს, მას წუთში 0.5 სინგაპურული დოლარის გადახდა მოუწევს. ამასთან, სარგებლობის მინიმალური დრო 15 წუთია.
„ბლუ SG“ აცხადებს, რომ პროგრამის წარდგენის პირველივე დღეს, პროგრამას უკვე 2 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
მერაბ ლორთქიფანიძე