პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 1.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 594.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის დაზუსტებულ მონაცემს 17.6 პროცენტით აღემატება.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, უცხოური ინვესტიციების მიხედვით ლიდერი ეკონომიკის სექტორში ტრანსპორტი და კომუნიკაციებია, სადაც ინვესტიციებმა 178 მილიონი აშშ დოლარი, მთლიანი ინვესტიციების 30 პროცენტი, შეადგინა. მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ასევე მშენებლობაში, ენერგეტიკაში, საფინანსო სექტორში და მრეწველობაში.
გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა მოგების გადასახადის რეფორმის შედეგებზე და აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში გენერირებული მოგების რეინვესტრება თითქმის გაორმაგდა.
„მინდა ხაზი გავუსვა რეინვესტირების ძალიან მაღალ მაჩვენებელს, იმ კონკრეტულ შედეგებს, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას მოაქვს და რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება. სწორედ ამ რეფორმის შედეგია ის, რომ უცხოელმა ინვესტორებმა მკვეთრად გაზარდეს რეინვესტირების მაჩვენებელი. მიმდინარე წელს დაფიქსირებული ტენდენციის მიხედვით, ქართულ ეკონომიკაში გენერირებული მოგების რეინვესტირება თითქმის გაორმაგდა. გასულ წლებში, პირველ სამი კვარტლის განმავლობაში რეინვესტირების მაჩვენებელი, დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მიმდინარე წელს კი, უცხოელმა ინვესტორებმა თითქმის 600 მილიონ აშშ დოლარი ჩააბრუნეს ქართულ ეკონომიკაში, რაც ახალ პროდუქციას და ახალ მომსახურებას და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ახალ სამუშაო ადგილებს ნიშნავს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძემ ასევე თავის გამოსვლაში ისაუბრა ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესების ტენდენციაზე, რომელზეც, მისი თქმით, დადებითად აისახა ექსპორტის, ტურიზმის და გზავნილების ზრდა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, მშპ-ს 7.4 პროცენტს შეადგენს.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა 2016 წელს არსებულ თითქმის 13 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით.