2017 წლის 11 თვეში კაპიტალური ხარჯების მოცულობა 500 მლნ ლარითაა გაზრდილი

2017 წლის 11 თვეში კაპიტალური ხარჯების მოცულობა 500 მლნ ლარითაა გაზრდილი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე ხარჯებისა და დეფიციტის შემცირების პარალელულად მთავრობა ზრდის კაპიტალურ დანახარჯებს, რომელებიც მიმართულია ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

„გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის 11 თვეში 500.0 მლნ ლარით არის გაზრდილი კაპიტალური პროექტების დაფინანსება, ხოლო მისი მოცულობა 2.4 მილიარდ ლარს შეადგენს. წლის ბოლოსთვის მაჩვენებელი 3 მლრდ ლარს გადააჭარბებს.

კაპიტალური დანახარჯების ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იქნება მომდევნო წლებში და მშპ-ს 9%-ს გადააჭარბებს. ჯამში, 2017-2021 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 19 მიალიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება, რომლის ფარგლებშიც, განხორციელდება ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო ხერხემლის - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, ასევე განხორციელდება ჩრდილოეთ-სამხრეთ კორიდორის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ტურისტული, ენერგო, წყალ-კანალიზაციის და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია-მოდენრიზაცია“, - განაცხადა ბახტაძემ.