სერგო რატიანი - სერტიფიცირებულ მასწავლებლებს კუთვნილ ხელფასს არ უხდიან

”ევროპული საქართველოს” წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, სერტიფიცირებულ მასწავლებლებს კუთვნილ ხელფასს არ უხდიან.

რატიანმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, ფინანსთა მინისტრს ამ პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა.

”სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, დაახლოებით 8 000 ადამიანს არ აძლევენ კუთვნილ ხელფასს. მათი ანაზღაურება მიბმულია საათებზე, ხოლო საათებით უზრუნველყოფას სამინისტრო ვერ ახდენს. ამ პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა მათ პრიორიტეტი მიენიჭოთ ან დაახლოებით 20 მილიონი ლარი გამოიყოს. ეს აფერხებს განათლების რეფორმას და ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტები განათლებისთვის”, - განაცხადა რატიანმა.

ამასთან, რატიანმა მამუკა ბახტაძეს ინიციატივით მიმართა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს მოგების გადასახადი მოეხსნათ.

”ასევე მინდა ვისაუბრო იმ უსამართლობაზე, რომელიც არის სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართ. თქვენ იცით, რომ ესტონური მოდელის შემოღების შემდეგ, დამფუძნებელი, თუ მას არ გააქვს მოგება, არ იბეგრება მოგებით. შესაბამისად, კერძო უნივერსიტეტები, რომლებსაც არ გააქვთ მოგება, არ იბეგრებიან მოგების გადასახადით. ეს კარგიც არის, მაგრამ ამ ფონზე, სამაგიეროდ იბეგრებიან სახელმწიფო უნივერსიტეტები. როგორც ფინანსთა მინისტრს, რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ, რომ კერძო უნივერსიტეტები არ იბეგრებიან, სახელმწიფო უნივერსიტეტები კი იბეგრებიან? ამ მიმართულებით აპირებთ თუ არა სიტუაციის გამოსწორებას? ჩვენ გვაქვს კანონპროექტი, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს მოეხსნათ მოგების გადასახადი?” - განაცხადა რატიანმა.