იყო შემთხვევა, როცა კონკრეტულმა პირებმა შესწირეს ”ქართულ ოცნებას” თანხა და შემდეგ კონტრაქტები მიიღეს გამარტივებული ტენდერების საფუძველზე, ასევე დაიბრუნეს ქონება , - ამის შესახებ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, აუცილებელია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ფაქტები შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა შეისწავლოს.
”ცხადია, არის ძალიან დიდი დისბალანსი მმართველი პარტის მიერ მიღებულ შემოწირულობასა და ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულობას შორის. ცხადია, ეს არის ის პრობლემატური საკითხი, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და ცხადია, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები არ არიან კონკურენტულ გარემოში და მათთვის ძალიან რთული იყო, რომ გარკვეული შედეგი დაედოთ არჩევნების პერიოდში. ასევე მთავარი მიგნებაა, რომ ძალიან დიდი რაოდენობით იურიდიული პირები სწირავენ პოლიტიკურ პარტიებს, მათი უმრავლესობა კი სწირავს მმართველ პარტიას და ამ მიმართულებითაც არის დიდი დისბალანსი. ასევე არის შემთხვევები, როცა კონკრეტული იურიდიული პირები ან მათთან დაკავშირებული ადამიანები გარკვეულწილად, უპირატეს მდგომარეობაში იქნენ ჩაყენებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ. იყო შემთხვევა, როცა კონკრეტულმა პირებმა შესწირეს ”ქართულ ოცნებას” თანხა და ამის შემდეგ კონტრაქტები მიიღეს გამარტივებული ტენდერების საფუძველზე. ასევე მათ დაიბრუნეს გარკვეული ქონება და ამ ქონების დაბრუნება მოხდა პროკურატურის მიერ. ასევე გვაქვს შემთხვევა, როცა პირმა შემოწირულობის განხორციელების შემდეგ მიიღო გარკვეული ქონება”, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მათ მიერ მოკვლეული ფაქტებიდან დადგინდა, რომ აუდიტის სამსახური ამ მიმართულებით არ არის აქტიური.
”ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს ყველა ის ფაქტი, რომელიც შეიძლება სავარაუდო კორუფციის მატარებელი იყოს”, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 2017 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით ქართული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული მთლიანი შემოწირულებების - 15 480 402 ლარის 91% მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო.