Google ჩინეთში ბრუნდება, მაგრამ სხვა გზით და სხვა მიზნებით

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google ჩინეთში ბრუნდება, მას შემდეგ, რაც 2010 წელს ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან მისი სერვისების აკრძალვის გამო დემონსტრაციულად დატოვა ის.

როგორც ცნობილია, ჩინეთის ინტერნეტსივრცე ბლოკირებულია ე.წ. Great Firewall-ით, რომლის შედეგადაც ქვეყანაში დაბლოკილია Google-ის ფაქტობრივად ყველა სერვისი, მათ შორის თავად საძიებო სისტემა YouTube და Gmail-იც. თუმცა, ცნობილი ხდება, რომ კომპანია საბოლოოდ ვერ იტყვის უარს ჩინეთის 730 მილიონ ინტერნეტმომხმარებელზე და არც მალავს, რომ მისი სურვილია, იყოს წარმოდგენილი ამ ბაზარზე. ამ მიზნით ის ჩინეთში სულ სხვა გზით ბრუნდება.

ცნობილი ხდება, რომ კომპანია ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მის პირველ ცენტრს გახსნის, სადაც დაიწყება მუშაობა ხელოვნურ ინტელექტზე. შესაბამისად, კომპანიის ისტორიაში ხელოვნური ინტელექტის პირველი ცენტრი არა აშშ-ში, არამედ მის ფარგლებს გარეთ დაიდებს ბინას. როგორც ცენტრის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი, ფეი ფეი ლი საკუთარ ბლოგში წერს, ხელოვნური ინტელექტის მეცნიერებას არ აქვს საზღვრები.

კომპანიის სურვილი დაემთხვა ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ინტერესს, მომდევნო წლების განმავლობაში, დახარჯოს 150 მილიარდი დოლარი ხელოვნური ინტელექტის შექმნაში. ჩინეთს სურს გახდეს სუპერძლევამოსილი ინდუსტრიაში, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში სრულიად შეცვლის ადამიანთა ყოფას.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა,  მსოფლიოს მმართველი მომავალში ის ქვეყანა გახდება, რომელიც შეძლებს ლიდერობის მოპოვებას ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

„გუგლის“ ახალი ცენტრი საშუალებას მისცემს ჩინეთს, გახდეს გლობალური ლიდერი ამ სფეროში. კომპანიაში დასაქმდებიან მკვლევარები, რომელებიც „გუგლის“ წამყვანი ინჟინრების მხარდამხარ იმუშავებენ. გარდა საკუთარი ნამუშევრების გამოქვეყნებისა, პეკინის ცენტრი მხარს დაუჭერს ხელოვნური ინტელექტის სფეროს მკვლევარებს და მოაწყობს სხვადასხვა „ვორკშოპებსა“ და კონფერენციებს.

კოკა კვირკველია