კომპანია Mercedes-Benz-ი საკულტო მოდელის, G-class-ის პრემიერისთვის ემზადება.
ყველგანმავალის მსოფლიო პრემიერა მომავალი წლის იანვარში „დეტროიტის ავტოშოუზე“ გაიმართება. მანამდე კომპანიამ ავტომობილის ინტერიერის ფოტოები გაავრცელა.
„მერსედესის“ გამაში ერთადერთი ოთხკუთხა დიზაინის მქონე ავტომობილის სალონში შეცვლილია აბსოლუტურად ყველა დეტალი, სამუშაო დაფით დაწყებული და სივრცით დამთავრებული.
მამაკაცების საოცნებო „გელენდავაგენში“ გაზრდილია როგორც ფეხის, ასევე თავს ზემოთ და მხრების სივრცეც, ეს კი რაც მთავარია, იგრძნობა როგორც ავტომობილის წინა, ასევე უკანა ნაწილში. ინტერიერი ერთგავარად იმეორებს მიმდინარე წელს წარმოდგენილ, სრულიად ახალ E class-ის და განახლებული S class-ის შტრიხებს, ის აღჭურვილია ორი ერთმანეთის გვერდიგვერდ განლაგებული 12.3-ინჩიანი სამუშაო დაფის ეკრანით და მრავალფუნქციონალური საჭით, რომელზეც განლაგებულია სხვადასხვა ღილაკები.
ინტერიერში ასევე იგრძნობა მეტი ფუფუნება, რადგან ის შესრულებულია მაღალი ხარისხის დეტალებით და ერთობლიობაში ქმნის ძალზედ მდიდრული ავტომობილის სალონს.
კომპანია აღნიშნულ მოდელზე თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა არ შეცვალა მისი საკულტო boxy (ოთხკუთხა) დიზაინი, რომელიც ავტომობილის გამოცემიდან (1979 წელი) დღემდე მისი განუყოფელი შტრიხია.
სიახლის გაყიდვები მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება და მისი სასტარტო ღირებულება 100 ათასი დოლარიდან დაიწყება. ცნობისათვის, მისი დაარსებიდან დღემდე G-class-ის მხოლოდ 300 ათასამდე ერთეულია გაყიდული, რაც მიანიშნებს მის ექსკლუზიურობასა და მაღალ ფასზე.
კოკა კვირკველია