ბათუმის სტადიონის მშენებლობის დაწყების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.
ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა იუწყება.
"ეს არის ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულება და მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე", - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიაზე.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, ბათუმის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული შპს „ანაგი“ ააშენებს. დოკუმენტს შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა და შპს „ანაგის“ დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა მოაწერეს ხელი.
მათივე ცნობით, შპს „ანაგის“ მიერ წარმოდგენილი სტადიონის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვა 99 448 408,56 ლარს შეადგენს.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეა.
სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული.
იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.
სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, სპორტსმენების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.