მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 069.1 ლარი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საქმიანობის სახეებს, მე-3 კვარტალში ყველაზე მაღალი 1 999.5 ლარის ოდენობის ნომინალური ხელფასი მშენებლობის სექტორში იყო. მეორე ადგილზე - 1 861.3 ლარით საფინანსო სექტორია; მას მოსდევს სამთომოპოვებითი მრეწველობა, სადაც საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა მე-3 კვარტალში 1 337.7 ლარი შეადგინა.
მე-3 კვარტლის მონაცემებით, ათას ლარზე მეტი იყო ხელფასი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში; სახელმწიფო მმართველობაში; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილების და ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის სექტორში.
ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 565.7 ლარი კი საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის მე-3 კვარტალში განათლების სექტორში იყო.