დაზღვევის სახეობებში სამედიცინო დაზღვევა ლიდერობს

ქართულ სადაზღვევო ბაზარზე კვლავინდებურად სამედიცინო დაზღვევა ლიდერობს. მას ქართული სადაზღვევო ინდუსტრიის პორტფელში 72,46%-იანი წილი უჭირავს.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს ბაზარზე მოქმედი 14 სადაზღვევო კომპანიიდან, მომხმარებელს სამედიცინო დაზღვევის პროდუქტს 12 კომპანია სთავაზობდა. კომპანიებმა მთლიანობაში აღნიშნულ სფეროში 341,377 მლნ ლარის პრემია მიიზიდეს.

პოპულარობით სარგებლობს ქონების დაზღვევაც, რომელზეც მთლიანი ბაზრის 8,73% მოდის. ამ სფეროში 11-მა სადაზღვევო კომპანიამ 41,141 მილიონი ლარის პრემია მიიზიდა.

მესამე ადგილი 7,73%-ით სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევას უკავია. ბაზრის მოცულობა 36,141 მლნ ლარით განისაზღვრა.

სადაზღვევო კომპანიები მომხმარებლებს სულ 18 სახის სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობენ. ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა შარშან 471 მილიონ ლარზე მეტი სადაზღვევო პრემია მიიზიდეს.