ირაკლი ნადირაძე - სემეკის წევრად დავით ნარმანიას დანიშვნა მომავალში ტარიფების ზრდას ნიშნავს

სემეკის წევრად დავით ნარმანიას დანიშვნა მომავალში ტარიფების ზრდას ნიშნავს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განუცხადა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას სემეკის წევრად წარდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ირაკლი ნადირაძის თქმით, დავით ნარმანიას წარდგენა ამ თანამდებობაზე, ეს არის თბილისელების დაცინვა.

„ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაუფასა დავით ნარმანიას 1 ლარად გადაცემული თბილისელების ქონება. ეს მოასწავებს დიდ უბედურებას ენერგეტიკის სფეროში. ეს ნიშნავს, რომ გაღარიბებულ მოსახლეობას ტარიფებს გაუძვირებენ. როგორც ჩანს, დავით ნარმანია ამ პრინციპით შეარჩიეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი იყო და ახლაც აპირებს შეასრულოს ყველა დავალება, რომელიც დაკავშირებული იქნება ტარიფების ზრდასთან“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.