უკრაინული მედია იანუკოვიჩისა და მისი გარემოცვის კუთვნილი 140 მილიონის შესაძლო გაყინვაზე იუწყება

უკრაინული მედია შვეიცარიის მიერ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი გარემოცვის კუთვნილი 140 მილიონი ევროს შესაძლო გაყინვის შესახებ იუწყება.

"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, შვეიცარიის ფედერალური პროკურორის ბრძანებით, 4 მაისს გაყინეს საბანკო აქტივები, რომელიც შესაძლოა, ვიქტორ იანუკოვიჩსა და მის ახლო გარემოცვას, მათ შორის იანუკოვიჩის ვაჟს, ალექსანდრეს ეკუთვნის.

ამასთან, შვეიცარიის პროკურატურამ სისხლის სამართლის ხუთი საქმე გახსნა, რომელში ბრალდებულ პირებს ბრალი მიუძღვით ფულის გათეთრებაში.

გარდა ამისა,  გასულ კვირას შვეიცარიამ სანქციების ე.წ. "შავ სიაში" დამატებით კიდევ 15 რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსანი შეიყვანა.