პარლამენტმა პირველი მოსმენით, ”ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიიღო

ხანგრძლივი დისკუსიისა და კონსულტაციების შემდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით, ”ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები მიიღო.

როგორც კენჭისყრის პროცედურის წინ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, ”კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მიმდინარეობდა კონსულტაციები და შეთანხმდა, რომ პროექტს დაემატება ახალი რედაქცია, რომელშიც განისაზღვრება კომერციულ ბანკებში ინტერესთა კონფლიქტის შეუთავსებლობასთან დაკავშირებით არასაჯარო ინფორმაციის გამოყენების საკითხები და შესაბამისი სანქციები - ეროვნულ ბანკის უფლებამოსილება გამოიყენოს იმ შემთხვევაში თუ ეს რეგულაციები დარღვეული იქნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

”კანონპროექტით ორი მნიშვნელოვანი სეგმენტის რეგულირება ხდება. ეს არის არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვა კომერციული ბანკებისათვის და საფინანსო სექტორის არასაბანკო ნაწილზე ცენტრალური ბანკის ზედამხედველობა. პროექტს ემატება შეზღუდვა, რომ მაკონტროლებელ პირს - ადმინისტრატორს ეკრძალება გარკვეული საქმიანობა. ჩვენ ვადასტურებთ იმას, რომ შედგა გარკვეული დამატებითი კონსულტაციბი. ეროვნული ბანკის და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიდან ჩვენი კოლეგები იყვნენ და შეთანხმებას ვიმაღწიეთ”, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.