შსს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის აპრილში 390 685 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7,1%-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 396 952 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7,4%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.

შსს-ს ინფორმაციით, პირობითი დაყოფის მიხედვით, ტურისტული იყო - 519 482 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,1%); ტრანზიტი - 267 684 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 28%); სხვა - 609 786 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,7%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3%).

2014 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-14,6%), აზერბაიჯანიდან (+14,1%), სომხეთიდან (+12,4%), რუსეთიდან (+41,3%) და უკრაინიდან (+22,2%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აპრილშიც გამოირჩეოდნენ: პოლონეთი, ლიტვა, იტალია, ლატვია, ნიდერლანდები და გერმანია (შესაბამისად, 101%, 65%, 28%, 18%, 16% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (21%), ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ისრაელი - 34%, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსის და მოლდოვას მოქალაქეები 50% და 19%-იანი მატებით.