კომპანია „ლაქტალის ინტერნეიშენალის“ მიერ წარმოებული ბავშვთა კვების ცნობილი ფრანგული ბრენდის „სელიას“ ის პარტია, რომელიც დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებშია, სრულად შეესაბამება სტანდარტებს და რეგულაციებს.
ამის შესახებ, „სელიას“ დისტრიბუტორი შპს „CTN ჯორჯიას“ განცხადებაშია ნათქვამი.
„ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„შეზღუდვები, რომელიც საფრანგეთში წარმოებული პროდუქციის რამდენიმე სახეობაზე საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტივებმა და რეკომენდაციებმა განაპირობა, არ შეხებია „სელიას“ საწყისი კვების შემდეგ სახეობებს: სელია ექსპერტი 1 (400გ/900გ) და ნუტრიშენ 1. ეს სახეობები წარმოებულია იმ საწარმოო ხაზზე, რომელიც შემოწმებულია როგორც კომპანიის ხარისხის სამსახურის, ისე საფრანგეთის შესაბამისი უწყებების მიერ.
ამასთან აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება 2017 წლის თებერვლამდე ნაწარმოებულ პროდუქტებზე (Celia Expert 2 900g, Celia expert 3 900g, Celia Nutrition 3, Celia HA, Celia AD, Celia Digest, Celia AR, Celia PRE) და მათი რეალიზაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებადართულია,“- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტების რამდენიმე პარტიაში (Picot Lait Picot SL sans Lactose 350 გ., Milumel Bio 1 900g, Picot peptide junior sans Lactose 460g) ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად სალმონელა აგონას არსებობაზე გაჩნდა ეჭვი.
11 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ხდებოდა პროდუქციის ექსპორტი რეკომენდაციები გაავრცელა. მათ შორის საქართველოს მასშტაბითაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შეჩერდა „სელიას“ პროდუქციის გარკვეული პარტიების რეალიზაცია და სააფთიაქო ქსელიდან მათი ამოღება ხდება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ამჟამად ყველა საეჭვო პარტიის ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს და შედეგები 22 დეკემბრისთვის გახდება ცნობილი.