მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის დარიცხულმა ანაზღაურებამ (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) 8 344 661 ლარი შეადგინა.
აღნიშნული თანხიდან თანამდებობრივი სარგო 3 279 119 ლარია, დანამატი კი − 5 065 541 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატის თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარს შეადგენს, თუმცა პარლამენტის წევრები ასევე ყოველთვიურად იღებენ დანამატს თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით. დანამატის ოდენობა პარლამენტის წევრებისთვის განსხვავდება მათი თანამდებობის მიხედვით. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყველა თვეში თანამდებობრივი სარგოს გარდა, 4 738 ლარის ოდენობის დანამატი აიღო. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის დანამატი 4 403 ლარია; ვიცე-სპიკერების - ზვიად ძიძიგურის, ილია ნაკაშიძის, ირმა ინაშვილის, სერგი კაპანაძის, გიორგი ვოლსკის - 4 338 ლარი; რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, მათი დანამატი დიფერენცირებულია და სულ მცირე 2 623 ლარს შეადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტის ხელმძღვანელობის - სპიკერისა და ვიცე-სპიკერების, ასევე ფრაქციების თავმჯდომარეების ყოველთვიური ანაზღაურება საშუალოდ 6 000 ლარიდან 6 700 ლარის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოს რიგითი წევრის კი დიფერენცირებულად, 4 500 ლარიდან 5 500 ლარის ფარგლებში მერყეობს.
რაც შეეხება პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე გაცემულმა ანაზღაურებამ (თანამდებობრივი სარგო, დანამატი და პრემია) 21 824 081 შეადგინა.
უფრო კონკრეტულად, 2017 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათლით, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე გაცემულია თანამდებობრივი სარგო 12 621 070 ლარის ოდენობით, დანამატი - 7 204 072 ლარი და პრემია - 1 998 938 ლარი.
საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის დარიცხული თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების შესახებ საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა.