როგორ გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა 100%-ით

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი სიგუას განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გათვლაა, რომ უკრაინელი ტურისტების რაოდენობა 100%-ით გაიზარდოს.

მისი თქმით, ყირიმში ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი შიდა ტურისტი ჩადიოდა. თუმცა, გასაგები მიზეზების გამო ეს ნაკადი ყირიმში აღარ ჩავა.

როგორც სიგუა ამბობს, ტურიზმის ადმინისტრაციას ამ ზაფხულს გათვლა აქვს იმაზე, რომ 100%-ით გაზარდოს უკრაინელი ტურისტების რაოდენობა და ამისთვის შემუშავებულია 80-გვერდიანი სტრატეგია.

”სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაფორმდება ხელშეკრულება სარეკლამო კომპანიასთან, რომელიც გრანდიოზულ კამპანიას გააკეთებს უკრაინაში. შეთანხმება არის ასევე მიღწეული უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებთან, ახალი რეისების დანიშვნაზე ბათუმის აეროპორტში, კიევის, ხარკოვისა და ლვოვის მიმართულებით, სულ საუბარია 11 რეისზე კვირაში", - განაცხადა გიორგი სიგუამ.

მისივე განმარტებით, საქართველოში გაიმართება "კრიმფესტისა" და "კაზანტიპის" ანალოგი ფესტივალი, რომლებიც ყირიმში ტარდებოდა.