როგორც ყველა შემავალი კომპონენტი, თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის კომპონენტიც მნიშვნელოვანია საბოლოო სამომხმარებლო ტარიფში , - ამის შესახებ სემეკის პრესსპიკერმა ქეთი ბერიკაშვილმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დღეს დაიწყება თბოელექტროსადგურების საკითხის განხილვა და სემეკი მსჯელობის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას.
”რაც შეეხება თბოელექტროსადგურების ტარიფების გავლენას საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე, როგორც ყველა შემავალი კომპონენტი, თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის კომპონენტიც მნიშვნელოვანია, საბოლოო სამომხმარებლო ტარიფში.
მოგეხსენებათ, რომ თბოელექტროსადგურების გამომუშავება თვითონ დამოკიდებულია ბუნებრივ გაზზე, შესაბამისად ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, როგორც ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი, ასევე ზოგადად შესყიდული ბუნებრივი გაზის საფასური. ამ მიმართულებით ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგმება. აქედან გამომდინარე უნდა დაველოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას თბოსადგურებთან დაკავშირებით. დღეს დაიწყება განხილვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. წარმოდგენილი იქნება, როგორც კომპანიების პროექტები, ასევე კომისიის შესაბამისი დეპარტამენტის წარმოდგენილი პროექტი. ამის შედგომ იქნება მიღებული კომისიის მიერ გადაწყვეტილება”, - განაცხადა ბერიკაშვილმა.